ავტორი:

როგორ ცხოვრობს დღეს ბიჭი, რომელიც ერთმა ფილმმა ვარსკვლავად აქცია: "მინდა ისევ ვიგრძნო წარმატება, როგორიც "გაღმა ნაპირმა" მაგემა"

როგორ ცხოვრობს დღეს ბიჭი, რომელიც ერთმა ფილმმა ვარსკვლავად აქცია: "მინდა ისევ ვიგრძნო წარმატება, როგორიც "გაღმა ნაპირმა" მაგემა"

გიორგი ოვაშვილის ფილმი "გაღმა ნაპირი" 2009 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მასში მთავარ როლს უცნობი ბიჭუნა - თედო ბექაური ასრულებდა, რომელიც მალევე ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა, გავიდა წლები და თედო საზოგადოების თვალთახედვიდან გაქრა.

ახლა 20 წლისაა, ცხოვრობს თეთრიწყაროს რაიონ სოფელ ორბეთში და მისი დღევანდელი ცხოვრება არაფრით ჰგავს "გაღმა ნაპირზე" მამის საძებნელად წასული ბიჭის ცხოვრებას...

- ჩემი ყოველდღიურობა არაფრით გამოირჩეოდა ორბეთში მცხოვრები თანატოლებისგან, სანამ ერთ დღეს არ გავიცანი ადამიანი, რომელმაც ჩემი ბიოგრაფია სრულიად შეცვალა... ერთ დღეს, დედამ, თვალთან დაკავშირებული პრობლემის გამო, თბილისში ექიმთან ჩამიყვანა. ვიზიტამდე რიგში მოგვიწია დგომა, სადაც მომლოდინეთა შორის პატარა და-ძმაც იყო. მათ რაღაც სათამაშო ვერ გაიყვეს და ძიძგილაობაში ერთმა გვარიანად ჩააფარა მეორეს. ამის დანახვაზე მე ხმამაღლა გადავიკისკისე, რითიც, როგორც აღმოჩნდა, ბავშვების მამის ყურადღება მივიქციე. ის ცნობილი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი აღმოჩნდა.

ბატონი გიორგი ჩემთან გადმოჯდა, გამომელაპარაკა, მე დავიმორცხვე, არ დავეკონტაქტე. მერე მისი მეუღლე მივიდა დედაჩემთან - ჩვენ ფილმს ვიღებთ, თქვენს ბიჭს ისეთი სახე აქვს, ძალიან დავინტერესდით და თუ თანახმა იქნებით, თბილისში გვეყოლებაო. დედაჩემი თავიდან სასტიკ უარზე იდგა. 2 კვირის შემდეგ ამოვიდნენ ჩვენთან სოფელში, გადამიღეს ფოტოები, მერე კი თბილისში სინჯებზე დამიბარეს.

- ბევრი ბავშვი დაგხვდა სინჯებზე მისულს?

- როგორც ვიცი, სინჯები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მე რომ მივედი, იმ დღეს დაახლოებით 30 ბავშვი დამხვდა თავმოყრილი. შევედი კაბინეტში, სადაც რეჟისორთან ერთად რამდენიმე უცნობ ადამიანს მოეყარა თავი. მითხრეს - უნდა იცეკვოო. მანამდე ცეკვაზე არასდროს მივლია და არც შინაურ წრეში მიცეკვია, მაგრამ არ ვიცი იმ მომენტში რა მომივიდა, გიორგი ოვაშვილმა მაგიდაზე რაღაც რითმი დაუკრა ხელებით და მე ისე ავცეკვდი, ყველას სიცილი აუვარდა. გიორგის უთხრეს: ამ ბავშვთან მუშაობას აზრი არ აქვს, მასთან ტყუილად დაკარგავ დროსო. გიორგიმ კი შემაქო და გამაფრთხილა, სანამ გადაღებები არ დაიწყება, არსად იცეკვოო.

გადაღებები როდესაც დაიწყო, მაშინაც ხშირად საყვედურობდნენ გიორგი ოვაშვილს თანამშრომლები, არ ღირს ამ ბავშვზე არჩევანის გაკეთება, ჯობია, სანამ დროა, გადაიფიქრო და ვინმე სხვა მოძებნო, შეგვარცხვენს, მასთან მუშაობა უაზრო ფულის ფლანგვააო. გიორგი კი არავის უსმენდა და ამბობდა: მე ამ ბავშვთან ვიმუშავებ და დარწმუნებული ვარ, ბოლოს შედეგი დაიდებაო!

თავიდან მართლაც ძალიან გამიჭირდა მუშაობა. ყველაზე მეტად ტირილის სცენის გადაღებისას დავტანჯე ყველა. რა არ ქნეს, ხან მომეფერნენ, ხან მეხვეწნენ, მაგრამ ვერა და ვერ ავტირდი. ბოლოს, გადამღები ჯგუფიდან ერთ-ერთი ამიყვირდა, საპასუხოდ გულის აჩუყებისა და ტირილის ნაცვლად, მასზე გავიწიე, რატომ მიყვირის მეთქი. ბოლოს გიორგიმ დამისვა და მითხრა: თედო, ყველაფერი შენს ხელშია, ამ ტირილით გადაწყდება, დარჩები თუ არა ამ პროექტში. იცოდე, თუ ვერ იტირებ, შენი შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავთო. ამის შემდეგ, მეც არ ვიცი როგორ, მაგრამ გამომივიდა ის, რასაც ჩემგან ითხოვდნენ.

შემდეგში რაღაცნაირად აეწყო ჩვენი თანამშრომლობა. ყველანი მეფერებოდნენ, მათამამებდნენ, ტკბილეულით მიმასპინძლდებოდნენ. ისე მოვსუქდი, ბატონი გიორგი ჭამას მიშლიდა და მსაყვედურობდა: მე გამხდარი ბავშვი მინდა ფილმში და არა შენსავით სუნსულაო. ერთ დღესაც, ეტყობა ჩემს გემოზე ვერ დავნაყრდი და სასტიკი გაფრთხილების მიუხედავად, შუა გადაღებისას, ხელი ვსტაცე ძეხვის ნაჭერს და გადავსანსლე. საბოლოოდ ეს კადრი ფილმში მაინც დატოვეს. მისი ყურებისას დღესაც გულიანად მეცინება ხოლმე.

გადამღები ჯგუფიდან ყველაზე მეტად ჯანო იზორიას დავუახლოვდი. ჩვენ ერთ ოთახში ვცხოვრობდით და ისეთი გაშინაურებული ვყავდი, საუზმისას, თუ გვერდით გაიხედებოდა, დროს ვიხელთებდი და ჩემს ულუფას მას ვუმატებდი ხოლმე თეფშში. ერთი სიტყვით, ძალიან შემიყვარდა ეს ადამიანი, სწორედ ამიტომ ფილმში მისი სიკვდილი ჩემთვის რეალურ ტრაგედიად იქცა. იმიტომ, რომ მე წინასწარ არ ვიყავი გაფრთხილებული, რომ სცენარის მიხედვით ჯანო უნდა მოეკლათ. გადაღებისას სროლა რომ ატყდა, რის შემდეგაც ჯანო ძირს დაეცა და სისხლი წამოუვიდა, მე მართლა მეგონა, რომ მოკლეს. წინასწარ რომ მცოდნოდა ყველაფერი, ალბათ სცენა ასეთი გულწრფელი არ გამოვიდოდა.

სულ ფილმის გადაღებებსა და გახმოვანებას დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდა. ეს იყო ყველაზე ლამაზი და დაუვიწყარი დრო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ბევრი ფესტივალი მოვიარე ამ ფილმთან ერთად, ბევრი კომპლიმენტიც დავიმსახურე. ჩვენების შემდეგ, დარბაზში სინათლე რომ ინთებოდა და მაყურებელთა ნამტირალევ სახეებს ვხედავდი, მიკვირდა - რა ატირებთ-მეთქი. ზოგი მაყურებელი მოდიოდა და ფულს მჩუქნიდა, ზოგი ტკბილეულს, რაც იმ წუთებში ძალიან მაკვირვებდა.

ერთ დღეს გიორგი ოვაშვილმა ჩვენთან დარეკა ოჯახში და გვითხრა, რომ გამოჩნდა ფრანგი ქალბატონი, რომელმაც ფილმის ნახვის შემდეგ სურვილი გამოთქვა, საკუთარი სახსრებით დააფინანსოს თედოს თვალის ოპერაციაო. ამ ქალბატონმა, რომელსაც ანა ერქვა, არჩევანი ჩემს ოჯახს მიანდო, საქართველოში გავიკეთებდი ოპერციას თუ საფრანგეთში. გადაწყვეტილების შედეგად საფრანგეთში ჩავედი. ამ დროს უკვე 16 წლის ვიყავი. მასპინძლობა მაშინდელმა საქართველოს ელჩმა საფრანგეთში მამუკა კუდავამ გამიწია. ახლაც მახსოვს ქალბატონ ანასთან შეხვედრა. მეფერებოდა, მითხრა, ცრემლებს ვერ ვიკავებდი ფილმის ყურებისას და შენმა გარეგნობამ ჩემი ძმა გამახსენა, რომელსაც შენსავით თვალთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდაო. მე ამ ქალბატონის მადლობელი ვარ.

- "გაღმა ნაპირის" შემდეგ თუ გქონდა კიდევ შემოთავაზება რომელიმე რეჟისორის მხრიდან?

- გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძულში" ვითამაშე პატარა როლი. შემდეგ გოგა ხაინდრავას "ჰეროკრატიაში" პატიმარი თომა განვასახიერე. თომა დედამ გადაარჩინა წამებას, რომელსაც ამისთვის ციხის უფროსთან დაწოლა მოუხდა.

- როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება პირველი ფილმიდან დღემდე?

- თეატრალურ კოლეჯში ჩავაბარე და დავამთავრე. წელს მინდოდა თეატრალურ უნივერსიტეტში მეცადა ბედი, მაგრამ გამოცდების პერიოდი "ჰეროკრატიის" გადაღებებს დაემთხვა და... მომავალ წელს ნამდვილად არ გადავდებ. მინდა თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრო და საფუძვლიანად დავეუფლო მსახიობის პროფესიას.

- ახლა რით ხართ დაკავებული?

- არც არაფრით. დავდივარ აქეთ-იქით. სოფელში საქმეს რა გამოლევს. ვუვლი ბაღს, ბოსტანს. შემოდგომა მოსავლის დაბინავების პერიოდია, კარტოფილი უკვე ამოვიღეთ, კაკლის ბერტყვა ჯერ ადრეა. ყურძნის პატარა ხეივანი გვაქვს და არც ისაა ჯერ დასაკრეფი. ნახირშიც დავდივარ, - ერთი ძროხა გვყავს. ქათმების მოვლა დედაჩემის საქმეა. შეშა უკვე მოვიმარაგეთ და დავაპეთ ზამთრისთვის. ვცხოვრობ ასე.

- რაზე ოცნებობთ?

- მინდა თბილისში ერთი სახლი მქონდეს. მანდ როდესაც ჩამოვდივარ, ხან რომელ ძმაკაცთან ვათენებ, ხანაც რომელ ნათესავთან. კინოროლები მინდა, იქნებ გამიმართლოს და რომელიმე რეჟისორმა შემომთავაზოს მნიშვნელოვანი როლი. მინდა ისევ ვიგრძნო ისეთი წარმატება, როგორიც "გაღმა ნაპირმა" მაგემა.

"ამ ადამიანს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა... როგორც ჩანს, გარკვეული საცდურიც იყო" - როგორ აფასებენ ხელოვანები ნინო ანანიაშვილი გადაწყვეტილებას?

როგორ ხვდებიან და აღნიშნავენ შობას პოპულარული ქართველი ქალბატონები - მათი სადღესასწაულო რეცეპტები

"მოველი, რომ შემოტევა იქნება, მაგრამ მზად ვარ" - ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს