როგორც "საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის" ხელმძღვანელი - ბექა გონაშვილი აცხადებს, ამ დარგში არსებული პრობლემები წლების განმავლობაში არ იცვლებოდა, ამის მიზეზი ზემდგომ პირთა გულგრილობა და მეცხვარეობის დარგისადმი არასწორი მიდგომაა.
ბექა გონაშვილი - პრობლემები, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით, წლების განმავლობაში გროვდებოდა. ამ დარგში უკვე სამი წელია არაფერი შეცვლილა. ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვვარაუდობდი იმას, რაც დღეს ხდება: ქართული ცხვრის რეალიზაციას ვეღარ ვახერხებთ, თანაც მისი ფასი ძალიან დაეცა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქართული ცხვარი აღარ იყიდება. ბაზრები, სადაც ის გადის, თითზე ჩამოსათვლელია. წელს ჩვენი ცხვარი მხოლოდ საუდის არაბეთში, ყატარსა და დუბაიში გავიდა, მაგრამ დიდი ნაწილი აქედან შარშანდელი ცხვარი იყო. წლევანდელი ცხვარი, რომელიც ივლისის შემდეგ გაიყიდა, დაახლოებით 15-20 ათასი თუ იქნება, ეს ჩვენი სულადობის 7%-ია, მეტი არა. არადა, ამ პერიოდში მუსლიმურ ქვეყნებში დღესასწაულია და წესით, ყველაზე მეტი ცხვარი უნდა გაყიდულიყო.
- ბატონო ბექა, რა არის ამის მთავარი მიზეზი?
- ეს იმის ბრალია, რომ წლების განმავლობაში ყურადღებას არავინ გვაქცევდა: როდესაც ვჩიოდით, ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსკენ იშვერდა თითს, ეკონომიკის სამინისტრო - სოფლის მეურნეობის სამინისტროსკენ, ეს უკანასკნელი კი - დანარჩენი ორისკენ. ერთი სამინისტრო მეორესთან გვაგზავნიდა და შედეგიც მივიღეთ! ფაქტია, რომ დღეს ქართული ცხვარი არ იყიდება. ზოგიერთმა მეცხვარემ ახლა დაიწყო ცხვრის ხორცის ირანში გატანა, მაგრამ მიზერულ ფასად და ეს ბევრს ვერაფერს ცვლის.
- ცნობილია, რომ ცხვარი ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებიდანაც შემოჰყავდათ და მერე ქართულად ასაღებდნენ...
- დიახ, შარშან 7500 სული შემოიყვანეს რუსეთიდან და გაყიდეს, როგორც ქართული. გასულ წელს საქართველოში 7 ათასადმე სომხური ცხვარი შემოვიდა, რომლის რეალიზაციაც მაშინვე ვერ მოხერხდა და წელს გაიყიდა. ძალიან ბევრი მეცხვარე და სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ამ ცხვარს შემოჰყვა სერიოზული დაავადებები - ცხვრის ჭირი და ცხვრის ყვავილი. ცხვრის ყვავილი შარშან გაჩნდა, ხოლო ჭირი - წელს. ეს დაავადებები საქართველოში ადრე პრაქტიკულად არ ყოფილა. ყვავილი 30 წლის წინ იყო, მაგრამ მერე აღარ განმეორებულა. 2014-2015 წლებში საქართველოში დაახლოებით 100 ათასი სული ცხვარი
შემოიყვანეს. ამბობდნენ, რომ ტრანზიტის რეჟიმში შემოდიოდა, მაგრამ ეს მხოლოდ თავის მართლება იყო. "დასამშვიდებლად" ისიც კი გვითხრეს, რომ რუსეთიდან თუშური ჯიშის ცხვარი შემოიყვანეს, რაც სრული აბსურდია.