ამერიკელი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი ლინ კოფინი რამდენიმე დღის წინ ლიტერატურული პრემია "საბას" 2016 წლის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. პრემია ამერიკელ ავტორს ქართული ნაწარმოების ("ვეფხისტყაოსანი") საუკეთესო უცხოური თარგმანისთვის გადაეცა.
"ვეფხისტყაოსანის" ახალი ინგლისური თარგმანი ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად გაკეთდა და პირველი პოეტური თარგმანია, რომელიც შესრულებულია 16-მარცვლიანი შაირით.
"წლევანდელი წელი იუნესკოს რუსთაველის წლად აქვს გამოცხადებული და ჩვენი უპირველესი პოეტის 850-ე წლისთავთან დაკავშირებით, მქონდა ინტერვიუების სერია, რომელთა ბეჭდვა მომავალ წელსაც გაგრძელდება. ამ სერიისთვის მოვამზადე კოფინთან ინტერვიუც", - გვეუბნება ლიტერატურული ჟურნალ "განთიადის" პასუხისმგებელი მდივანი სერგო წურწუმია, რომელსაც ვთხოვეთ, ლინ კოფინი ჩვენთვისაც გაეცნო.
- "ვეფხისტყაოსანი" ინგლისურად რამდენჯერმეა ნათარგმნი, მაგრამ ლინ კოფინი აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც ზედმიწევნით გაისიგრძეგანა ტექსტის არსი და შესაბამისი ნამუშევარიც შექმნა. თქვენი აზრით, მაინც რით გამოირჩევა მისი ნამუშევარი?
- ლინ კოფინისეული თარგმანი პირველი პოეტური თარგმანია, თანაც, 16-მარცვლიანი შაირით შესრულებული. მთარგმნელს მიაჩნია, რომ ეს სალექსო ფორმა აირჩია აბსოლუტური სმენის პოეტმა, ბრწყინვალედ რომ უწყოდა შინაარსის ღირებულება და რითმის მნიშვნელობა. ამ ყველაფრის მეტნაკლებად შენარჩუნება თარგმანში მას თავისი შრომის ღირსებად მიაჩნია.
- მარჯორი უორდროპის თარგმანი პროზაულია, თუმცა, როგორც აღნიშნავთ, თქვენ ეს ქალბატონი მარჯორის გაგონებთ. რა გაძლევთ ამის საფუძველს?
- როცა ერთმანეთს მარჯორი უორდროპისა და ლინ კოფინის ფიგურები შევადარე, მხედველობაში მქონდა არა მარტო მათგან "ვეფხისტყაოსნის" თარგმნა, არამედ ის ღვაწლი, რაც მათ გასწიეს ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის. ქალბატონი უოდროპისა და მისი ძმის მოღვაწეობა საყოველთაოდ არის ცნობილი და აქ ამაზე აღარ შევჩერდები. რაც შეეხება ლინ კოფინს, მისი კავშირი ქართულ კულტურასთან მისი ცხოვრების გვიანდელ ეტაპზე შედგა, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა და ის დღესაც ინტენსიურად გრძელდება. ის, რომ მან გვაჩუქა "ვეფხისტყაოსნის" მაღალი ხარისხის თარგმანი, საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი შემოქმედის სახელს უკვდავსაყოფად და ქართული კულტურის ისტორიაში სამუდამოდ ჩასაწერად.
გარდა ამისა, ამ ქალბატონმა თარგმნა არაერთი თანამედროვე ქართველი პოეტის (გივი ალხაზიშვილის, გიორგი კეკელიძის, ზაზა აბზიანიძისა და დათო ბარბაქაძის) ლექსი. მისი თარგმანები ასევე შევიდა 2013 წელს აშშ-ში დოდონა კიზირიას რედაქტორობით გამოცემულ "ქართული პოეზიის ანთოლოგიაში". 2012 წელს თბილისში გამოიცა გია ჯოხაძის თარგმნილი კოფინის პოეტური კრებული. ქალბატონი კოფინი რამდენიმე წელია, თბილისში მთარგმნელობითი ხელოვნების მასტერკლასებს ატარებს და დაგეგმილი აქვს რომელიმე უნივერსიტეტში ლექციების ციკლის წაკითხვა ამერიკულ ლიტერატურასა და თარგმანის სფეროში.
ისე მოხდა, რომ ზემოხსენებული ანთოლოგიისთვის მასალების შერჩევისას გია ჯოხაძემ ურჩია, ხელი მოეკიდა შოთა რუსთაველის პოემის თარგმნისთვის. აქედან ჩაეყარა საფუძველი მის დიდ სიყვარულს "ვეფხისტყაოსნის" მიმართ. საქართველოთი გატაცება კი უფრო ადრე დაეწყო და სწორედ ამან განაპირობა მისი მზაობა, შესჭიდებოდა ახალ ენაზე ამ ეპიკური ტილოს გადატანას.
- რას გვეტყოდით კიდევ მასზე?
- ლინ კოფინი გახლავთ ამერიკელი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი და მთარგმნელი. დაიბადა ლონგ აილენდზე, ნიუ-იორკში, 1943 წელს. დაამთავრა მიჩიგანის უნივერსიტეტი, მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი. არის დოქტორი და 21 წიგნის ავტორი. სხვადასხვა უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიდა, მათ შორის, თბილისში, ილიას უნივერსიტეტშიც. მისი პიესები დაიდგა მალაიზიის, სინგაპურის, ბოსტონის, ნიუ-იორკის, სიეტლისა და სხვა თეატრების სცენებზე. გამოქვეყნებული აქვს სამი პოეტური კრებული, ლექსებს, ესსეებს, მოთხრობებს, პიესებს მრავალი წელია, ბეჭდავს პერიოდულ გამოცემებში. იოსიფ ბროდსკისთან, ჩესლავ მილოშთან და ფილიპ ლევინთან ერთად მონაწილეობდა პოეზიის საღამოებში.
აქვს მთარგმნელობითი მოღვაწეობის დიდი გამოცდილება. 1984 წელს, ნობელის კომიტეტმა ჩეხი პოეტის იაროსლავ სეიფერტისთვის პრემიის მინიჭებისას, მისი თარგმანებით იხელმძღვანელა. თარგმნილი აქვს ანა ახმატოვას პოეზია, ჩეხი, ჰოლანდიელი, მონღოლი და ირანელი პოეტები. ამჟამად ცხოვრობს სიეტლში.
- ურთიერთობაში როგორია, თქვენზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?
- როცა მისით დავინტერესდი, აღმოვაჩინე ინფორმაცია მისი მოღვაწეობის შესახებ და ინტერვიუ ამ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. მე პირველი აღმოვჩნდი, ვინც სწორედ "ვეფხისტყაოსნის" თარგმანის თაობაზე ჩამოვართვი საფუძვლიანი ინტერვიუ ლიტერატურული გამოცემისთვის. ამ ინტერვიუმ დაგვამეგობრა და ვირტუალური მეგობრობა ამ დღეებში შეხვედრით უნდა დაგვირგვინდეს...
რა შეეხება მის შესახებ შექმნილ შთაბეჭდილებას: ეს გახლავთ პოეტურად ემოციური, ცხოვრებით დაბრძენებული, სათნო ქალბატონი. მას შეუძლია უანგარო, სუფთა ურთიერთობა და თავდადებული მეგობრობა. დიდი გულისა და ფართო თვალთახედვის ადამიანია, ფაქიზი შემოქმედების პატრონი, ღრმა ერუდიციის ლიტერატორი და მკვლევარი, ბრწყინვალე მთარგმნელი, რომლის სამწლიანი რუდუნება დასჭირდა ჩვენი სწორუპოვარი პოემის შქსპირის ენაზე ღირსეულად ახმიანებას.
"საბა" მნიშვნელოვანი მოტივი უნდა იყოს ნებისმიერი შემოქმედისთვის, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ლინს რომელიმე პრემიისა თუ პრიზის ხათრით არ შეულევია წლები ამ დიდი საქმისთვის. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ახლა, როცა მრავალმა ადამიანმაც იგივე განაცხადა, კიდევ მეტად დარწმუნებული ვამბობ: ქალბატონი ლინ კოფინის ღვაწლი ქვეყანამ რუსთაველის პრემიით უნდა აღნიშნოს. ეს ჩვენი ღირსების საქმეა!
ლალი ფაცია
AMBEBI.GE