მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მერაბ ბერძენიშვილი ფართო საზოგადოებისთვის თავისი მონუმენტური ქანდაკებით არის ცნობილი. მისი ნამუშევრებია: რუსთაველი, ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი, მონუმენტები: დავით გურამიშვილი, გიორგი სააკაძე, მედეა, "მუზა", "კიდევაც დაიზრდებიან".

შექმნილი აქვს სკულპტურული პორტრეტები: ქართველი ქალი, ლადო ქოქიაშვილი, კოტე მარჯანიშვილი, ილია ჭავჭავაძე, ტიციან ტაბიძე, დოდო აბაშიძე, ნოდარ დუმბაძის მემორიალი და სხვ.

1995 წელს დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისთვის, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. მერაბ ბერძენიშვილი წარმატებით მუშაობდა აგრეთვე წიგნის გრაფიკის, თეატრალური პლაკატისა და აფიშის სფეროშიც. იგი იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, 2001 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ფ. ნანსენის სამახსოვრო მედალი.