დემურ სტურუას მიერ დატოვებული წერილი შესაძლოა, გაყალბებული იყოს, - ამ განცხადებას ბრალდებული პოლიციელის გოდერძი თევზაძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე აკეთებს.
როგორც ლედი ტუკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წერილი, რომელიც საქმეში დევს, შესაბამისი ანალიზისთვის სპეციალისტებს წარუდგინა, რომლებიც ამბობენ, რომ წერილში ორი კალიგრაფია იკვეთება.
ტუკვაძის ვარაუდით, სრულიად შესაძლებელია, რომ წერილში გოდერძი თევზაძის სახელი და გვარი დემურ სტურუას ოჯახის ნებისმიერ წევრს, კონკრეტულად კი გარდაცვლილის ძმას სპეციალურად ჩაემატებინა, რადგან, როგორც ადვოკატი აცხადებს, სტურუებს წლების განმავლობაში სამართალდამცველებთან გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ.
სამტრედიის სოფელ დაფნარში მცხოვრებმა 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის თანამშრომლის გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობდა. გოდერძი თევზაძე სამართალდამცველებს რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ ჩაბარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თევზაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.