"სილიკონ ველი თბილისი" არის კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "სილიკონ ველი თბილისთან" დაკავშირებით განაცხადა, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
მისივე შეფასებით, "სილიკონ ველი თბილისი" "ძალიან კარგი პროექტია. ეს არის კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი. 18 მილიონი ლარის ინვესტიციები განხორციელდება ამ პროექტში მომდევნო 6 წლის მანძილზე, ხოლო 6 მილიონის - პირველი სამი წლის მანძილზე. ეს იქნება უნივერსიტეტი, სადაც 2 200-ზე მეტმა სტუდენტმა უნდა ისწავლოს და სკოლის ნაწილში 450-ზე მეტმა მოსწავლემ. ძალიან კომპლექსური უნივერსიტეტია, წარმოდგენილია, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება, ასევე მედია, ახალი ტექნოლოგიები. ჩვენ გვჭირდება სწავლა, ცოდნა. ყველაზე მეტად რაც გვჭირდება დღეს, ეს არის კარგად მომზადებული კადრები ყველა მიმართულებით და მითუმეტეს ტექნოლოგიური მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ დღეს ამ უნუვერსიტეტის ოფიციალური გახსნა იყო", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი "სილიკონ ველი თბილისი" გაიხსნა. გახსნის ცერემონიას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის, ბიზნეს პალატისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტი - "სილიკონ ველი თბილისი" IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში აერთიანებს. "სილიკონ ველი თბილისი" ბაგებში, ჭავჭავაძის გამზირზე ნომერ 82-შია განთავსებული.