ისტორიაში ყველაზე იდუმალი არტეფაქტი, რომელიც ადამიანების ინტერესს მუდმივად იწვევდა, წმინდა გრაალი იყო. დღემდე კამათობენ - რა არის ეს: აბსტრაქტული სიმბოლო თუ რეალური ნივთი, საიდანაც იესო საიდუმლო სერობაზე სვამდა? საცნაურია, რომ რამდენიმე ქვეყანაში ამ სახელით ხუთი ნივთია გამოფენილი. რომელია მათ შორის ნამდვილი? ანდა, საერთოდ არსებობს თუ არა? სად ინახება ან რა საბურველშია გახვეული? როგორია მისი მისტიკური მნიშვნელობა? - ამ შეკითხვებზე ისტორიკოსებს, არქეოლოგებს, მისტიკოსებს, ფილოსოფოსებსა და რელიგიის წარმომადგენლებს სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. საკულტო რელიკვიათა შორის ყველაზე იდუმალი ნივთი გრაალის თასი გახლდათ.
აღიარებული ვერსიით, საიდუმლო სერობის შემდეგ, თასი იოსებ არიმათიელის ხელში აღმოჩნდა. ის წარჩინებული იუდეველი, სინედრიონის წევრი და ამასთან, ქრისტეს საიდუმლო მიმდევარი იყო. სწორედ იოსებმა მიიღო ნებართვა პილატესგან, ჩამოეხსნა ჯვრიდან წამებული ქრისტე და შემდეგ, ის საკუთარ სამარხში დაეკრძალა. მაგრამ მანამდე, მან მხსნელის სისხლი ხსენებულ თასში შეაგროვა. შემდგომში, იოსების გზა ევროპაზე გადიოდა. მასთან ერთად ამ მოგზაურობაში გრაალიც გაემგზავრა.
რაინდთა მოგზაურობა
კამათი საკითხზე, თუ სად ჩაიტანა იოსებ არიმათიელმა თასი - ევროპაში ასწლეულობით მიმდინარეობდა. პირველად, გრაალზე საკუთარი უფლებები ინგლისელებმა წამოაყენეს. ისინი ყველანაირად მხარს უჭერდნენ ლეგენდის იმ ვერსიას, რომლის თანახმადაც, იოსებ არიმათიელმა მოგზაურობისას ბრიტანეთამდე მიაღწია და წმინდა რელიკვია იქ გადამალა. კერძოდ კი, სახელგანთქმულ გლასტონბერის სააბატოში. სწორედ იქ, 1190 წელს, ბერებმა აღმოაჩინეს უძველესი სარკოფაგები. იქ ჩასვენებული სხეულები, მეფე არტურისა და მისი მეუღლე - გვინევრას ნეშტებად იქნა მიჩნეული.
მეტად პოპულარული გახდა სახელწოდება, ვოლფრამ ფონ ეშენბახის თხზულებიდან - "პარციფალი" - მუნსალვეში ან მონსალვატი. მრგვალი მაგიდის მხოლოდ რამდენიმე რაინდს მიეცა უფლება, ენახა გრაალი. ერთ-ერთი მათგანი პერსევალი (იგივე პარციფალი) ამის ღირსი გახდა მაშინ, როცა საკუთარი ნათესავი - მეფე-მეთევზე იხილა. სიკვდილის პირას მყოფმა, დასნეულებულმა მეფემ წმინდა გრაალის თასიდან წყალი შესვა და მაშინვე განიკურნა. ლეგენდის თანახმად, ქრისტეს სისხლმა გრაალს საოცარი თვისებები შესძინა. ვინც იქიდან დალევდა, კურნებას, ცოდვათა მიტევებასა და უკვდავებას მოიპოვებდა. ზოგიერთი იმაშიც იყო დარწმუნებული, რომ უკვდავების შესაძენად მისი ნახვაც კი საკმარისი იყო. გრაალის მოძიება გალაჰადმა შეძლო - მრგვალი მაგიდის რაინდთაგან საუკეთესომ. ღვთისმოსაობისა და სიმამაცისთვის, რაც წმინდა რელიკვიის მოპოვებისას გამოიჩინა, ის ზეცაში ცოცხლად იქნა ატაცებული.
იდუმალი სასახლე
არაფერია გასაოცარი, რომ ადამიანები დაუზარლად სვამდნენ კითხვას: სად მდებარეობს ეს იდუმალი მონსალვატი და როგორ უნდა მოხვდე იქ?
სახელწოდების მსგავსების გამო, უკვე ჩვენს დროში, ბევრმა ჩათვალა, რომ გრაალის სამყოფელი მონსეგიურის სასახლე - ალბიგოელების ციხესიმაგრე იყო, საფრანგეთის სამხრეთით. ამ რელიგიური მიმდინარეობის მომხრეები XIII საუკუნეში ერეტიკოსებად გამოაცხადეს და სასტიკად დაარბიეს ჯვაროსნული ლაშქრობებით. თვითონ ალბიგოელებმა საკუთარ თავს კატარები უწოდეს, რაც ბერძნულად "სუფთას" ნიშნავს. ისინი თვლიდნენ, რომ ამ ცოდვიან სამყაროში მხოლოდ მათ შეინარჩუნეს სულიერი სისუფთავე.
ცნობილია, რომ კატარებს ერთხანს მხარს უჭერდა ტამპლიერთა ორდენიც, რომელიც მოგვიანებით ასევე, ერესში დაადანაშაულეს და გაანადგურეს.
ამგვარად, აიგო ახალი ვერსია გრაალზე, რომ ის მონსეგიურ-მონსალვატიდან გამოიტანეს და ახალ, ყველასათვის უცნობ ადგილას გადამალეს, სადაც რაინდ-ტამპლიერთა დაცვის ქვეშ ინახებოდა (მათი, ვინც ანგარიშსწორებას გაექცა).
როგორც ჩანს, აღნიშნულ ვერსიას მესამე რაიხის ხელმძღვანელობაც სინამდვილედ მიიჩნევდა. ცნობილია, რომ გრაალის ძიების მთავარი პროპაგანდისტი და ორგანიზატორი იყო ადამიანი, სახელად - ოტო რანი, რომელიც "ანანერბეს" სერჟანტთა შემადგენლობაში მოკრძალებული თანამდებობა ეკავა. 1939 წელს, ის ტიროლის მთებში დაიღუპა. შესაძლოა, სწორედ მაშინ, როცა გრაალს ეძიებდა. 1944 წელს, გერმანული ავიაცია დაჟინებით დასტრიალებდა მონსეგიურს. ალბათ ცდილობდნენ, დაედგინათ სიწმინდის ადგილსამყოფელი. შესაძლებელია, რომ რაიხის ხელმძღვანელობა გრაალს რაღაც ერთგვარ სუპერიარაღადაც მიიჩნევდა, რომელსაც შეეძლო ნაცისტების ხსნა გარდაუვალი დაღუპვისგან. მაგრამ თასის პოვნა მათ ვერ შეძლეს. ... განაგრძეთ კითხვა