11 სექტემბრის ტერაქტი იყო თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრინციპებსა და მშვიდობაზე, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2001 წლის 11 სექტემბერის 15 წლისთავს.
გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილს უგზავნის.
"თქვენო აღმატებულებავ, თხუთმეტი წელი გავიდა 2001 წლის 11 სექტემბრის საზარელი ტერაქტიდან, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მთელი საერთაშორისო საზოგადოება შეაძრწუნა. 9/11 იყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს შეშინებას. ეს იყო თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრინციპებსა და მშვიდობაზე. ყველაზე რთულ დროს, ამერიკელი ერის სიმამაცე და სიმტკიცე იყო წარმოუდგენელი და გასაოცარი. მათი გმირობა, პატრიოტიზმი და სიმამაცე, ამერიკის სახელმწიფოს სიძლიერის დემონსტრირება იყო და მთელს მსოფლიოს ერთობის სულისკვეთება მოუტანა. დღეს, ამ ტრაგიკული მოვლენის მე-15 წლისთავზე, საქართველო პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. ჩვენ, ქართველები თანადგომას უცხადებთ მეგობარ ამერიკელ ხალხს. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული სამხედრო ძალების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში, მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენ, ყველა ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას თანამედროვეობის ამ უდიდეს საფრთხეზე, რათა უკეთესი მომავალი შევქმნათ შემდგომი თაობებისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.