უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ირინა იმერლიშვილი შესაძლოა ლევან დოლიძემ შეცვალოს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე სწორედ დოლიძის კანდიდატურას განიხილავს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უშიშროების საბჭოში.
"ინტერპრესნიუსი" ირინა იმერლიშვილს ესაუბრა, რომელიც ირწმუნება, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი და ის მოვალეობის შესრულებას თვის ბოლომდე განაგრძობს.
ლევან დოლიძე ნატო-ში საქართველოს ელჩი იყო. მას ასევე ეკავა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა, როცა თავდაცვის უწყებას ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა.
დღეს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი კვოტით ორი მოსამართლე დანიშნა. ესენი არიან უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე.