"ისინი სწავლების დროს მეუბნებოდნენ, - წადი, მოკვდი, ზეცა გელოდებაო. მინდოდა მეკითხა, - თუ ზეცა გველოდება, თვითონ რატომ არ მიდიხართ, რაღა ჩვენ გვგზავნი-მეთქი, მაგრამ მეშინოდა."
ფაჰმი, 13 წლის,
ირანის ტელეარხი "პრესს ტვ", 2016 წელი
"ბავშვებმა, რომლებიც გავიცანი, ანბანზე უკეთ "კალაშნიკოვი" იცოდნენ. მიყვებოდნენ, რომ ღამღამობით, სროლის და აფეთქებების გამო, შეშინებულები ვერ იძინებდნენ, როგორ დაიჭრნენ დღისით ქუჩაში, როგორ მიჰყავდათ იძულებით სამხედრო დაჯგუფებებს და აძალებდნენ, გამხდარიყვნენ ტერორისტები... თუმცა, ბოლოს დასძენდნენ, სიკვდილისა აღარ გვეშინია, რადგან თავად გავხდით მკვლელებიო. ამ პატარებს ერთი ნატვრაც ჰქონდათ - ეთამაშათ ეზოში..."
შარმინ ობაიდ ჩინა, ჟურნალისტი, 2010 წ.
2012 წლის 21 აგვისტოს სირიაში, იდლიბის პროვინციაში, 6 წლის ბავშვი თავის ჩამოხრჩობას შეეცადა მას მერე, რაც მშობლიური ქალაქის ქუჩებში პირველად ნახა დაღუპულთა ცხედრები. პატარას 12 წლის ძმამ თოკზე ჩამოკიდებულს მიუსწრო. რამდენიმეკვირიანი კომის შემდეგ გონს მოვიდა. 6 წლის ბიჭუნა სირიაში სამოქალაქო ომის პროტესტის სიმბოლო გახდა, თუმცა მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება ბავშვებზე ძალადობითა და მათი ხოცვით უმაგალითო გახდებოდა მსოფლიოს უახლოეს ისტორიაში..
სირიის კონფლიქტში განსაკუთრებული სისასტიკით "ისლამური სახელმწიფო" გამოირჩევა, მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა მან უკვე იმსხვერპლა ათასობით ბავშვი, მეტიც: ხალიფატი დროდადრო მსოფლიოს დასანახად მათ სამაგალითოდ სჯის. 2015 წლის 3 ნოემბერს გავრცელდა კადრები ხალიფატის მიერ 200 სირიელი ბავშვის მოკვლის შესახებ - ზურგზე ხელებშეკრული პატარები მიწაზე დააწვინეს და კამერების წინ სათითაოდ დახვრიტეს. ხალიფატს არც სხვები ჩამორჩნენ. 2016 წლის 20 ივლისს დაჯგუფება "ნურედინ აზ ზინკის" მოჯაჰედებმა 12 წლის სირიელ დაჭრილ მოზარდს (სავარაუდოდ, ის საავადმყოფოდან გამოიყვანეს) ბაშარ ასადის მხარდაჭერა დააბრალეს და საჯაროდ მოაჭრეს თავი. ამან ისე აღაშფოთა სირიაში მებრძოლი სხვა დაჯგუფებები, რომ უარი თქვეს "ნურედინ აზ ზინკთან" ნებისმიერ ურთიერთობაზე, ხოლო სირიის სამთავრობო ძალების ჯარისკაცებმა დაიფიცეს, მკვლელებზე უსათუოდ ვიძიებთ შურსო. მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ ყველა იმ მოჯაჰედს გაუსწორდნენ, რომელთა იდენტიფიცირება ვიდეოკადრებიდან მოხერხდა...განაგრძეთ კითხვა