12 ივლისს ნიკო გომელაურს 48 წელი შეუსრულდებოდა... ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობი და პოეტი 2010 წელს, სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა.
მისი მეუღლე ნინა ჩოდრიშვილი ნიკოსთან გატარებულ წლებზე, მის პოეზიაზე და მონატრებაზე საუბრობს...
"მგონი დიდი ბედნიერებაა, როცა ვინმე მუდმივად გენატრება და გჭირდება. პირველ რიგში, ეს იმ ადამიანის დამსახურებაა. ჰოდა, ნიკო მუდმივად მენატრება და მჭირდება. ნებისმიერ მოვლენას, საფიქრალს, საქმეს მასთან ვაკავშირებ. ვფიქრობ, ის როგორ მოიქცეოდა, რას მირჩევდა. ნიკოს სახით, თეატრში მეგობრებს - კოლეგა, მისი პოეზიის მოყვარულებს - ახალი ლექსები, მე კი მისი პიროვნული თვისებები დამაკლდა - ჩემთვის შეუდარებელი.
როცა ცხოვრების მშვენიერებას აღვიქვამ, ვდარდობ, რომ ნიკო ამას მოკლებულია... როცა მიწევს უღირს და ცბიერ ადამიანთან ურთიერთობა, მაშინაც ვდარდობ ნიკოს არყოფნას, რადგან ის საოცრად სუფთა, მორიდებული, კეთილშობილი იყო, ეშმაკობის ნატამალიც არ გააჩნდა. არც "თეთრი და ფუმფულა" ყოფილა - ნიკო ლავასავით დუღდა 5 000 გრადუსზე და პირველ რიგში, საკუთარ თავს წვავდა. რასაკვირველია, ალი მეც მომწვდებოდა ხოლმე. ახლა ძალიან ვნანობ, როცა ვჩხუბობდი და ვიბრძოდი, მისი არაორდინარულობა უნდა გამეთვალისწინებინა.
თავს პოეტს არ უწოდებდა. პოეზიისადმი მოკრძალებისა და პატივისცემის ნიშნად, ლექსებს ჩანაწერებს არქმევდა. აი, რაშია თავმდაბალი - "არ ვიცი, როგორ, რისთვის? აზრი ვარსკვლავებს სწვდება და რომ მიაღწევს თითქმის, ციდან ლექსებად წყდება". ჩემთვის ეს "თითქმის" არის ნიკო. ანდა, "რა უცნაური განაცხადია, ვაჟას მერე რომ ვაქვეყნებ ლექსებს".
- ნიკოს ვაჟა და გალაკტიონი ძალიან უყვარდა. სხვა გამორჩეული ქართველი პოეტები ვინ ჰყავდა?
- ვაჟას მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ყოველ ჯერზე, როცა კითხულობდა, ცრემლებს ვერ იკავებდა, ნაღდი და ლირიკულიაო, - ამბობდა. ვაჟა თვითნაბადი, სადღაც მიკარგულ სოფელში მცხოვრები გენია იყო და ამას ნიკოსთვის უფრო მეტი ემოციური დატვირთვა მოჰქონდა. ასევე ძალიან უყვარდა მუხრან მაჭავარიანი, ვალერიან გაფრინდაშვილი, ტარიელ ჭანტურია.
ნიკოს გარდაცვალების შემდეგ მასალა აღმოვაჩინე, რის საფუძველზეც მისი აუდიოალბომი გამოვეცი, სადაც ერთ დისკზე თავის ლექსებს კითხულობს, მეორეზე კი 108 ქართველი პოეტის ლექსია ჩაწერილი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ალბომში ნიკოს ხმა მუსიკის გარეშე ისმის. ასეთ ალბომზე თავადაც ოცნებობდა, ვერ მოასწრო. როცა ადამიანი წერს ლექსს, ის სხვაზე უკეთ კითხულობს კიდეც. რატომღაც, რთული მეჩვენებოდა პაოლო იაშვილის ლექსები და კითხვა ყოველთვის მიჭირდა. ალბომზე მუშაობისას, ნიკოს წაკითხულმა პაოლოს ლექსებმა იაშვილი აღმომაჩენინა.
- ნიკო ამბობდა, ნინა ლექსს 20-ჯერ მაკითხებსო, რატომ?
- კი, ბევრჯერ ვაკითხებდი და ღიზიანდებოდა, დებილი ხომ არა ხარო? როცა ლექსში რაღაც არ მომწონდა, რამდენჯერმე ვაკითხებდი, რადგან მიზეზს ვეძებდი. ამას თვითონაც ხვდებოდა და ბრაზობდა: - თუ არ მოგწონს, შენ დაწერეო. ან მეტყოდა - საერთოდ, რატომ გიკითხავ? ვინა ხარ, პოეტი თუ ლიტერატორი? არ მოგწონს და ნუ მოგწონს! მაგრამ ნათქვამი თავში ჩარჩებოდა და ზოგჯერ ითვალისწინებდა კიდეც ჩემს აზრს, თუმცა იშვიათად.
სულ სიტყვების ძებნაში იყო. უკვე დამთავრებულ ლექსს მიუბრუნდებოდა, - არ მომწონს, ეს სიტყვა, ყალბია. ან მესმოდა: - ვიპოვე, ვიპოვე! მართლაც, სასიამოვნო პროცესია. ბედნიერი იყო ნიკო და მეც, რადგან ჩემი მიწიერი საქმიანობის შემდეგ, პოეზია ცაში მაფრენდა. არის ლექსები, რომლებიც ერთხელ წაკითხვისთანავე მიყვარდებოდა. საქართველოს რაგბის ნაკრების ჰიმნი წამიკითხა თუ არა, ვიტირე... განაგრძეთ კითხვა