გასულ ზაფხულს თეატრისა და კინოს რეჟისორი, მხატვარი და მწერალი, მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 80 წლის გახდა... ალბათ იშვიათია ერთ ადამიანში ამდენი ნიჭისა და შემოქმედების თანხვედრა, რაც ნამდვილად გამორჩეული ფაქტია...
დიდია რეზო გაბრიაძის ღვაწლი ქართულ ხელოვნებაში. მის მიერ შექმნილ მარიონეტების თეატრსა და იქ განხორციელებულ წარმატებულ სპექტაკლებზე რომ არაფერი ვთქვათ, ალბათ მის ბიოგრაფიას ის 40-მდე, ძალზე ცნობილი ფილმიც ეყოფოდა, რომელთა სცენარის ავტორიც რეზო გაბრიაძეა. მათ შორისა არის: "მიმინო", "არ იდარდო", "შერეკილები", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "ფეოლა," "ქვევრი" და კიდევ ბევრი პოპულარული სურათი, საიდანაც უამრავი ფრაზა აქვთ ადამიანებს ყოველდღიურ მეტყველებაში აღებული. "დაცვას მიხედე, ხვედელიძე, დაცვას", "გოლი მინდა, ხედელიძე, ორი გოლი", - ეს ფილმი "ფეოლა" გახლავთ, ეს კი "ქვევერი": "როგორ ტყვილა გაჭმევ პურსა", "როგორ მოხვდი მანდა, - უპასუხე უფროსსა. ბავშვობიდან აქა ვზივარ", "ეს ხო წრეა, - ლაუაზიეს კანონია", "ქვევრის გატეხვა თქვენ არ გინდათ, მე კიდევ ქრისტე არ ვარ, სასწაული მოვახდინო, სამჭკუაშვილი ვარ"...
"შერეკილები" კი ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისთვის გამორჩეული სურათია: "აბა, ახლა გააღე პირი და თქვი, ააა?", "ხომ გითხარი, გაფრინდებიანო?", "შე გალსტუკიანო პეპელა", "თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც გამიყოლეთ", "სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადი", "გევიდა გაღმა. სად გაღმა? მარილზე. რა მარილზე? მოკვდა, მოკვდა", "არა, ის შავი კაცი ვინღა იყო?" მიმინოც გავიხენოთ: "ვ ეტოი გოსტინიცე ია დირექტორ", "სნაჩალა პოდუმაი, პატომ გოვორი", "ტაკიე პილოტი კაკ ვი, ნა ულიცე ნე ვალიაიუტსიაო, გაიგე?", "ბალიკ ჯან, ია ტებე ადინ უმნი ვეშ სკაჟუ, ნო ტოლკო ტი ნე ობეჟაიშსა", "ვოტ მუსორნი იაშეკ, ა ტამ ჟენშინა კურილა"... "არაჩვეულებრივი გამოფენაც" ფაქტია, გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს: "მაგისთანა წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახიშვილი ჩვენს ქალაქში დიმიტრია გელოვანი", "ცხვირი ჰგავს, გავს, ე.ი. გავს", "5 კილო, შავი-შავი", "მე და მამა ვმუშაობთ", "გველი გამიზრდია უბეში, გველი", "ვალოდია ვარ ჯინჭრაძე, არ გახსოვს? მარცხნივ ვიჯექი რადიატორთან", ბატონი ბონა: "მე რომ მოვკვდები, ჩემი შვილები შიბლეტებს გამხდიან, გაყიდიან და ვოლგას იყიდიან", პიპინია ერისთავი: "და დაააა... ვოლგა, ვოლგა, მატ რადნაია"...
* * *
რეზო გაბრიაძე სხვადსხვა მიმართულებით ყოველთვის პარალელურად მოღვაწეობდა და თბილისში, 1981 წელს მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელმაც პირველივე სპექტაკლიდან - "ალფრედი და ვიოლეტა" მაყურებელის გული მოინადირა... თეატრმა არსებობის მანძილზე მსოფლიო წარმატებული გასტროლებით მოიარა. რეზო გაბრიაძეა სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიც. დიახ, ის ერთი რეჟისორის თეატრია, სადაც თოჯინური სპექტაკლები უფროსებისთვისაა განკუთვნილი...
და ამ ყველაფრის ფონზე ნიჭიერი და მარავლმხრივი შემოქმედი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, - მათ შორისაა, საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი და არაერთი საპატიო პრემია...
"მიყვარს საქართველო. ამ ქვეყანამ ბევრი ბედნიერი დღე მაჩუქა. მახსოვს ჩემი მეგობრები, მათ შორის, რეზო გაბრიაძე, ჩემი აზრით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარია", - ასე წერდა ბატონ რეზოზე იტალიელი სცენარისტი ტონინო გუერა.
"ის ნამვილად უდიდესი გამომგონებელია. მხატვრული სახეების მისეული სისტემა უაღრესად პირადი, ინტიმური ხასიათის მატარებელია და თეატრში პოეტური, ტრანსცენდენტური რეალიზმი შემოაქვს. მე არ ვიცნობ სხვა მსგავს სისტემას. თეატრის სხვადასხვა სფეროში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ მას მისცა საშუალება მიეღწია დამდგმელი რეჟისორის ისეთი იდეალისთვის, როგორიც იყო გორდონ კრეგი. მისი ხელოვნება თავისი მხატვრული ძალითა და პოზიტიური ადამიანური ხედვით ამდიდრებს ევროპულ თეატრს, თან ისეთ დროს, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება," - პიტერ ბრუკი (ინგლისელი, თეატრის რეჟისორი) კი მასზე ასე წერს.
"გაბრიაძის სამყარო - ეს საქართველოა, მხოლოდ საქართველო და სწორედ საქართველო. იმდენად საქართველო, რომ აზრადაც არავის მოუვა, რომ საქართველოს ამ სახეს შეიძლება სხვა შემქმნელი ყავდეს", - მწერალი ანდრეი ბიტოვი.
"რეზო გაბრიაძე უნიკალური დიაპაზონის ხელოვანია," - ქორეოგრაფი და მსახიობი მიხაილ ბარიშნიკოვი.
გაბრიაძემ 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1967 წელს კი, მოსკოვში უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო კურსები.
როგორც მხატვარს, მრავალ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის, მსოფლიოს პრესტიჟულ საგამოფენო დარბაზებში, სადაც გრაფიკული, კერამიკული, სკულპტურული და თოჯინური ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
მისი ნამუშევრები ასევე ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. გაბრიაძის სკულპტურები ოდესასა და სანქტ-პეტერბურგშიცაა. მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორია, როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთსა და რუსეთში. შვეიცარიასა და საფრანგეთში რამდეიმე რეჟისორული ნამუშევრის ავტორიცაა. 2004 წელს დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა - "აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი", სადაც ჩიტოს როლი ბალეტის არტისტმა მიხაილ ბარიშნიკოვმა შეასრულა, ხოლო ერმონიის - ლუის პერესმა, ჩიკაგოს ცნობილი "ჯოფრი-ბალეტის" დასის ყოფილმა სოლისტმა. პრემიერა მინეაპოლისში (აშშ), თეატრ "გატრიში" გაიმართა.
რეზო გაბრიაძის თეატრი არაერთხელ მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალში ავინიონში, ედინბურგში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, მოსკოვსა და სხვა ქალაქში.
"ეს რეზო გაბრიაძის განსაკუთრებული გენიაა, ეპიკური პრობლემები პატარა მარიონეტების მასშტაბით წარმოაჩინოს", - AMERIKAN THEATER.
თავად რევაზ გაბრიაძეს საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარს, თუმცა ასეთი რამ კი ნათქვამი აქვს: - "ჩემი ოცნება ასრულდა - მე დავუბრუნდი ფერწერასა და ქანდაკებას. უკვე სამუდამოდ. მადლობელი ვარ ბედის, თოჯინების და იმ პატარა კოლექტივის, რომელიც დაშარიშურობს ძველი შენობის კუნჭულებში!"
მისი თეატრის ფასადზე ოქროს ასოებითაა დაწერილი რეზო გაბრიაძის დევიზი - "EXTRA CHEPAM NIHIL COGITO NOS LACRIMARE", რაც ნიშნავს: "დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს".
ის რომ დიდი იუმორის, კვიმატი და სხარტი ენის პატრონია, ამაზე მისი კინოსცენარებიც მეტყველებს, რომელიც მსმენელსა და მაყურებელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ამაში კი წვლილი ალბათ გარკვეულწილად იუმორისა და დიდი ტრადიციების მქონე ქალაქს, ქუთაისს მიუძღვის, რადგან გაბრიაძე 1936 წელს სწორედ ამ ქალაქში დაიბადა.
"ჩემი მსახიობები პროფესიონალები არ არიან, მაგრამ ეს არაფერია. ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანი მსახიობია. ეს სპექტაკლი არსებობს ფულის გარეშე და იმ პრინციპით, რომ უფულო ადამიანები ფულიანებზე უკეთესები არიან", - ამბობს ის.
"თაყვანი უნდა ვცეთ პუბლიკას და პატივი ვცეთ თოჯინებს, რომლებთაც არ სიამოვნებთ, როდესაც უპატივცემულოდ ექცევიან", - ესეც მისი აზრია.
"რეზო გაბრიაძის თეატრი არტისტისა და პოეტის სულის ანარეკლია. ის თავად წარმოადგენს თეატრს მთელ თავის მრავალფეროვნებაში: დრამატურგი, პროდიუსერი, მუსიკოსი, დიზაინერი. ამ შემოქმედებითი მუშაობის შედეგი შესანიშნავია. მისი ნიჭი მრავალფეროვანია", - ამას კი მასზე - LE FIGARO გამოთქვამს.
ბოლო პერიოდში არაერთი ხელოვანი ჩაერთო პოლიტიკაში, მისი ცხორების სტილი იმაზე მეტყველებს, რომ ის ამ სფეროს აშკარად გაურბის, თუმცა მისი ასეთი მოსაზრება ერთ ადგილას ამოვიკითხე: "ჩვენ ბოლო ხანს ახალი ხილი შემოგვთავაზეს - დემოკრატია. პირველად ის ძალზე ტკბილი მოგვეჩვენა და ისე, როგორც აღმოსავლელებს შეგვეფერება, მისი სწრაფად გადაყლაპვა გვინდოდა. ახლა კი კბილები გვემტვრევა. ჩვენ დაგვავიწყდა, თქვენ - ევროპელებს რამდენი ომი და საუკუნე დაგჭირდათ, ვიდრე ამ ხილის მონელებას შეძლებდით".
ლალი ფაცია
AMBEBI.GE