იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ სასამართლო სამართლიანი იქნება და გაათავისუფლებს როგორც გიორგი ფეიქრიშვილს, ასევე მასთან ერთად დაკავებულ ნოდარ ნიშნიანიძეს, - ამის შესახებ გიორგი ფეიქრიშვილის მეუღლემ თათა ჩინჩალაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ამ წუთებში ორივე დაკავებულის ოჯახის წევრები და ახლობლები იკრიბებიან.
როგორც თათა ჩინჩალაძემ აღნიშნა, მან საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ ჩაუდეს სამართალდამცველებმა მის მეუღლეს იარაღი და ამის შემსწრე არა მარტო ის, არამედ დედამისიც იყო.
"შემოიჭრნენ ჩვენთან სახლში. ორდერიც არ ქონდათ და მითხრეს, რომ არც სჭირდებოდათ. მე მქონდა ორდერი, რომლის საფუძველზე არ შეეძლოთ ჩვენი ბინის ჩხრეკა, მაგრამ მათ ეს არ აინტერესებდათ და ჩვენს თვალწინ ჩაუდეს გოგას ავტომატი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს, უსამართლობას, ჩადებებს", - განაცხადა თათა ჩინჩალაძემ.
გიორგი ფეიქრიშვილის მეუღლე დაკავებაში კახა კალაძის ინტერესებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ერთგვარი წინასაარჩევნო ღონისძიებაა.
"იმის გამო, რომ ორივე დაკავებული, ნიშნიანიძეც და ფეიქრიშვილიც მეგობრობდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებთან და ბავშვობის მეგობრობა აკავშირდებდათ მათთან, აქედან გამომდინარე, კალაძის მხრიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, რადგან ალბათ თვლიდა, რომ ეცდებოდნენ ჩაეშალათ საარჩევნო კამპანია. არასოდეს არ ფიქსირდებოდნენ ისინი არც ერთ პოლიტიკურ აქტივობაში და არანაირ საარჩევნო ღონისძიებებში ჩართულიც კი არ ყოფილან", - განაცხადა თათა ჩინჩალაძემ.
მისივე თქმით, მისი მეუღლე აქამდე სამჯერ იყო დაკავებული, თუმცა სამივე შემთხვევაში სასამართლომ ის გაანთავისუფლა და ამიტომ იმედი აქვს, რომ სასამართლო ისეთივე სამართლიანი იქნება და გაანთავისუფლებს ორივე ბრალდებულს.
ნოდარ ნიშნიანიძის მეუღლის ნუკა ჩიკვაიძის თქმით კი , მისი ოჯახი კონკრეტულად არავის არ უპირისპირდება და აშკარად რაღაც გაუგებრობაში მოხვდა. ჩიკვაიძის თქმით, არ იცის, თუ სად და როდის დაიგეგმა მისი მეუღლის დაკავება.
"როცა დაიწყება პროცესები ის ადამიანები, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ამბავი აუცილებლად მოვლენ და ჩვენს გვერდით დადგებიან. ჩემი თვალით რომ არ მენახა ეს უკანონობა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩემს ქმარს შეეხებოდა თუ სხვა ადამიანის მიმართ იქნებოდა, ასეთი უსამართლობის დანახვის შემთხვევაში ვერ გავჩუმდებოდი. ახლა ერთადერთი ვისი იმედიც მაქვს არის მოსამართლე და ღმერთი. ვერ ვიტყვი, რომ სამართლიანობა იზეიმებს, მაგრამ იქნებ გირაოთი მაინც გამოუშვან, რადგან ჩემს მეუღლეს არ აქვს ისეთი მძიმე ბრალდება, რომ მაინცდამაინც პატიმრობა მიუსაჯონ და ციხეში გაუშვან. მითუმეტეს, რომ იგი უდანაშაულოა, მის თავისუფლებად ყველაფერი გვიღირს", - განაცხადა ნუკა ჩიკვაიძემ.
გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე სამართალდამცველებმა 3 და 4 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.