მსახიობი ზურაბ შარია "ფეიბუქის" პირად გვერდზე ყიფშიძის ქუჩაზე გუშინ მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. როგორც მსახიობი წერს, გარდაცვლილ რამაზ მჭედლიშვილს პირადად იცნობდა:
"თავზარდამცემი ამბავი!!! დღისით-მზისით, ყიფშეძეზე პროფილაქტიკაში, არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩვენი მეგობარი, წყალქვეშა მონადირე, ვაჟკაცი ადამიანი, ავტო. კომპიუტერის სპეციალისტი, რამაზ მჭედლიშვილი ავტომატის ტყვიით მოკლეს (((((((((((
ერთი ტყვია მოხვდაო, ვინც გვერდით ედგა, მაგრამო გულიანად ყველაფერი გაიარაო...", - წერს ზურაბ შარია და გარდაცვლილის ფოტოებსაც აქვეყნებს.
შეგახსენებთ, გუშინ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული კ. ლ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოს თანამშრომელს, 1971 წელს დაბადებულ რ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, ზესტაფონში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).