თურმე, ბოლო დროს, ჩვენს ქვეყანაში არამიწიერ არსებებთან კონტაქტი გახშირებულა.
ამჟამად, მიმდინარეობს კვლევა, თუ რამ გამოიწვია უცხოპლანეტელების დაინტერესება საქართველოს ტერიტორიით, აქ მცხოვრებლებით...
უფოლოგია ახალი მეცნიერებაა, რომელიც იკვლევს ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსა და ყველა იმ მოვლენას, რაც არამიწიერ, კოსმოსიდან მოსულ არსებებს უკავშირდება. უფოლოგობა ძალზე საინტერესო პროფესია გახლავთ, რომლითაც დღესდღეობით თავს ნამდვილად ვერ ირჩენთ. როცა ამოუხსნელი მოვლენების მიმართ ძალოვანი სტრუქტურებიც კი უძლურნი ხდებიან, დასახმარებლად უფოლოგს მიმართავენ. საქართველოში ერთადერთი ადამიანი, ვინც უფოლოგიის სფეროში სტაბილურად მუშაობს, ერეკლე შონია გახლავთ...
- უფოლოგია ახალი მეცნიერებაა, ფუნდამენტური საფუძვლები ჩაყრილი არ აქვს. უფოლოგობა ჩემი ძირითადი სპეციალობა არ არის, რითაც საკუთარ თავს ვარჩენ. ეს ოჯახური საქმეა და მის მიმართ დიდი ინტერესი მაქვს. ვოცნებობ, ოდესმე ის დრო დადგეს, როცა ამ საქმით ვიცხოვრებ და ფინანსებსაც ამ საქმით მოვიზიდავ, მთელ დროს უფოლოგობას დავუთმობ. ეს ისეთი საინტერესოა, რომ ვერანაირი საქმე ვერ შეედრება!
- საერთოდ, უფოლოგის საქმიანობას ბევრი დრო, რესურსი სჭირდება?
- რადგან ეს ჩემი ძირითადი საქმიანობა არ არის და ეს სფერო საქართველოში არ ფინანსდება, ბევრ დროს ვერ ვუთმობ. როცა არამიწიერ არსებებთან კონტაქტის ბევრი შემთხვევა არ არის, თავისთავად, ნაკლები დრო სჭირდება, ხოლო როცა აქტიური პერიოდია - მეტი.
- როდის ხდება უცხოპლანეტელების გააქტიურება?
- არსებობს ციკლური (20, 40, 80-წლიანი) გააქტიურებები, მაგრამ ამის გარდა, არის პერიოდები, როდესაც დედამიწაზე ან კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილზე მოზღვავდება ხოლმე შეტყობინებები, რომ ხალხმა არამიწიერი არსებები, ხომალდები დაინახა. ვცდილობთ, განვმარტოთ - რამ შეიძლება ეს გააქტიურება გამოიწვიოს. აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს რაღაცის წინა პირობაა, მაგალითად - ტექნოგენური კატასტროფების, ბუნებრივი კატაკლიზმების, სოციალური არეულობების, საზოგადოებრივი დაძაბულობის... როგორც ჩანს, უცხოპლანეტელები დედამიწაზე მიმდინარე პროცესებით ინტერესდებიან და იწყებენ წინასწარ კვლევას, თუ რა ცვლილებები ხდება ჩვენს საზოგადოებაში. მაგალითად, 80-იანი წლების ბოლოს ძალიან დიდი გააქტიურების პერიოდი იყო. აღმოჩნდა, რომ ეს იმ ცვლილებების წინა პირობა გახლდათ, რომელიც საქართველომ და საერთოდ, საბჭოთა კავშირმა გაიარა... უცხოპლანეტელები განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიით იყვნენ დაინტერესებულები.
- რა სახის შეტყობინებებს იღებდით?
- მაგალითად, ხალხი გვატყობინებდა, რომ ხომალდი დაინახეს, რომელიც ფორმას იცვლიდა, ადამიანებთან ახლოს (20 მეტრის მოშორებით) მიდიოდა... იყო შეტყობინებები, რომ თბილისის შემოგარენში რაღაც ხომალდმა ტყეს გადაუფრინა და იქაურობა დაანგრია. ზოგჯერ ადამიანები აღწერდნენ, რომ მათ ოჯახში უცნობი არსება ცხოვრობდა. ზოგი მას ხედავდა, ზოგი - ვერა. ეს არსება მათ რაღაცებს ასწავლიდა, მკურნალობდა, საჭმელს უჭამდა, ხატავდა... ვიდრე კვლევას დაიწყებ, მანამდე შეტყობინება არადამაჯერებელი ჩანს. მერე, როცა ფაქტებს, მიმდინარე კონტაქტის შედეგებს ხედავ, ეს ურთიერთობა მართლა შთამბეჭდავი ხდება.