"ქართული საჩუქარი ოდესას" - ამ სახელწოდების კონცერტი გაიმართა უკრაინის ქალაქში, რომელშიც მონაწილეობა ვახტანგ კიკაბიძემ, დათო ევგენიძემ, "სუხიშვილებმა" და ხატია ბუნიათიშვილმა მიიღეს.
თითქმის 3-საათიანი დატვირთული პროგრამის სანახავად ოდესის დრამატული თეატრის წინ 30 აგვისტოს ათასობით ოდესელი შეიკრიბა. კონცერტი ოდესის დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მასზე დასწრება უფასო იყო.
კონცერტის შესახებ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი: "ოდესაში, მრავალი ათასი მაყურებელი, თითქმის 3 საათი ტკბებოდა ქართველი ვარსკვლავების კონცერტით, რომელიც ოდესის, მსოფლიოში სახელგანთქმული ოპერის წინ გაიმართა. მეც სიამაყით ვიყავი აღსავსე იმით, რომ ასეთი ნიჭიერი ერი ვართ და ამხელა სახელი გვაქვს ყველგან, მათ შორის კარგი მუსიკოსებით განებივრებულ ოდესაში.
ასევე ვამაყობ, რომ სუხიშვილები, რომლებიც სიმბოლურ ჰონორარს დასჯერდნენ ოდესის კონცერტისთვის, არ გაიყიდნენ ძალიან დიდ ფულზე და უარი თქვეს ოკუპირებულ ყირიმში გამოსვლაზე. ყველა უკრაინელისა და ჩემგანაც დიდი მადლობა ნინოს, ილიკოს და მათ განსაკუთრებულ კოლექტივს.
ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ხატიაც, ბუბაც და დათოც პრინციპულად უარს ამბობენ რუსეთში გამოსვლაზე", - წერს ექს-პრეზიდენტი პოსტში.