ადამიანი გარდაიცვალა, მეორემ ასეთი დანაშაული ჩაიდინა, ამაზე პოლიტიკურად მოკერება, რა არის ეს, ქოცობაც აღარ არის ეს, მე თუ მკითხვათ, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიხეილ მაჭავარიანი გუშინ ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ბადრი ნათობაძის წარსულში "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ბადრი ნათობაძე ყოფილი ხელისუფლების დროს ციხეში იჯდა.
"ვიცი, რომ ის ადამიანი ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ციხეში იჯდა. მან ციხეში 7 წელი გაატარა. რაც შეეხება ამ სპეკულაციებს, ესეც ვნახე. მაგ ლოგიკით, ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო 4 წელი. ვინ სად მუშაობდა, როგორ მუშაობა, ვერ გეტყვით, მე ვერ დავადასტურებ. პარლამენტში ეს კაცი ნამდვილად არ მინახავს. ერთი რამ ვიცი ნამდვილად, რომ თბილისში ვცხოვრობთ და ყველამ ვიცით, რას უკავშირდება სამწუხაროდ, ეს კრიმინალური გარჩევები. ადამიანი გარდაიცვალა, მეორემ ასეთი დანაშული ჩაიდინა, ამაზე პოლიტიკურად მოკერება, რა არის ეს? ქოცობაც აღარ არის ეს, მე თუ მკითხავთ", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე გუშინ მოხდა. ცეცხლი ორ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი გუშინ დააკავა.