JPM-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარალმენტო არჩევნებზე მიდიოდეს, გამოკითხულთა 32% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, ხოლო 16% - "ნაციონალურ მოძრაობას".
ამავე კვლევის თანახმად, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარდა და დღეს გასაჯაროვდა, "თავისუფალ დემოკრატებსა" და "ლეიბორისტულ პარტიას" მხარს გამოკითხულთა 4-4% უჭერს.
რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის", მას გამოკითხულთა - 3% მისცემდა ხმას, ხოლო "პატრიოტთა ალიანსს" და დემოკრატიულ მოძრაობას" - 2-2%.
კვლევის თანახმად, გადაწყვეტილება არ მიუღია და პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 34%-მა.
ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით შესრულებული კვლევა JPM-მა ჩაატარა. პირდაპირი ინტერვიუს სახით გამოიკითხა 1200 ამომრჩეველი, კვლევაში ცდომილების ზღვარი 2,8%-ს შეადგენს.