ფალიაშვილის და რიგის კუთხეში შეიარაღებული თავდასხმის დროს სოსო ჯოხაძე მოკლეს, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმაა. იგი ავტომობილით ადვოკატ ზაქარია ჩიბუხაშვილთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ ნიღბიანი მამაკაცი მიუხლოვდა და ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილი ადვოკატი ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა მომხდარი დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს და მკვლელობაში ბრალდებული ბადრი ნათობაძე (ბადუკა) დააკავეს. Ambebi.ge სოსო ჯოხაძის მეგობრის შვილს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მომხდარის მოტივი შურისძიებაა.
- სოსო მამას მეგობარი იყო, არაჩვეულებრივი ადამიანი, თვენახევრის წინ დაბრუნდა საქართველოში, ათი დღის წინ შვილი გაუჩნდა და ამ დღეებში ისევ აპირებდა საზღვარგარეთ დაბრუნებას. თითქოს გული უგრძნობდა, ამოვიდა და მამას დაემშვიდობა.
- დაპირისპირება ჰქონდა ბადუკა ნათობაძესთან?
- როგორც ვიცი სამი წლის წინ, ბადუკა ნათობაძე იმყოფებოდა ბარში, სადაც სოსო და მისი ძმა გიორგიც იყვნენ, იქ გიორგის და ბადუკას შორის მოხდა ჩხუბი, როგორც ვიცი ბადუკას ხელი მოხვდა, შემდეგ სოსო საქართველოდან წავიდა, დაბრუნდა და ბადუკა ნათობაძემ შური იძია გიორგი ჯოხაძეზე და ძმა მოუკლა. ასე დატოვა ძმა ძმის, დედა შვილის, ათი დღის ბავშვი მამის, ცოლი ქმრის და მეგობრები სოსოს გარეშე ბადუკა ნათობაძემ. სოსო ვაჟკაცი ბიჭი იყო, ყველას უყვარდა. ვარაუდობენ, თითქოს ბადუკას გიორგი და სოსო ერთმანეთში აერია, მაგრამ გიორგის წვერი არასდროს უტარებია.
- ამბობენ, რომ ჯოხაძეებს დაპირისპირება ჰქონდათ ძმებ ფეიქრიშვილებთან, ტყუპებთან და სწორედ მათი შურისძიების გამო მოკლეს სოსო, თქვენ რა გსმენიათ ამ ვერსიის შესახებ...
- არ ვიცი, გადმოცემით ვიცი, რომ ტყუპები და ბადუკა ძალიან ახლობლები იყვნენ. ახლა რომელიღაც ტყუპი გამოვიდა ციხიდან და მაინცდამაინც ახლა მოკლეს სოსო. ტყუპებს და გიორგის ჰქონდათ დაპირისპირება, სოსო ამ საქმესთან არაფერ კავშირში იყო. რაც შეეხება ბადუკა ნათობაძეს ეგ არის მკვლელი, "ნაციონალების" კაცი, მილიონჯერ დაიჭირეს და ერთ დღეში უშვებდნენ ციხიდან. ვანო მერაბიშვილის მეგობარია ბადუკა.
- სოსო ჯოხაძის გარდა ვინ ჰყავს მოკლული?
- ბევრი ადამიანი ჰყავს დაჭრილი, ორი კვირის წინ ვიღაც სცემა მაგრად, ერთი კვირის წინ დაჭრა ვაკელი ბიჭი, ახლა კი სოსო მოკლა. ეს საშინელებაა, საქართველოში არ უნდა დადიოდეს ასეთი ბიჭი. ღმერთი არ აპატიებს ამას. სოსო განსაკუთრებულად მიყვარდა, მასზე კარგის მეტს ვერაფერს გაიგებთ, დღეს ჩემი თვალებით და ხელებით შევეხე გარდაცვლილ სოსოს. შემთხვევის დროს გიორგიც მანქანაში იჯდა, უკანა სავარძელზე. მკვლელმა მასზე იძია შური. ძმა თვალწინ მოუკლეს. რომ ვნახე მისი ძმა გარდაცვლილ ძმას როგორ ეხუტებოდა ცუდად გავხდი. ბადუკას რმ აკავებდნენ, მანქანაში რომ ჩასვეს სახეში შევაფურთხე.
- იქ იყავით დაკავების მომენტში?
- კი, ფალიაშვილზე გარბოდა და სახეზე მაისური ჰქონდა აფარებული. ხალხმა გვითხრა საით გაიქცა და ისიც თქვეს, მკვლელობა ისე ჩაიდინა თითქოს სიკეთეს აკეთებდაო. შოკში ვარ, არ მეგონა სოსო ასე თუ წავიდოდა ამ ქვეყნიდან. არაკაცია ბადუკა ნათობაძე და მინდა რომ სასტიკად დაისაჯოს.
თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge
ინტერნეტში ვაკეში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება