"მე მინდა, ჩვენმა ქისტებმა, ჩვენმა თანამემამულეებმა, დაღუპულების ნათესავებმა აუცილებლად იცოდნენ, რომ ლოპოტას ხეობაში მომხდარ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ. ყველაფერს გავარკვევთ და გპირდებით, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი", - კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება 2012 წლის 9 სექტემბერს გააკეთა.
მას შემდეგ 4 წელი გავიდა. ლაფანყურის საქმეზე გამოძიება დღემდე არ არის დასრულებული.
"მათ მოუწევთ პასუხისგება, ვინც გინდა იყვნენ. ჩემი ოჯახის გარდა კიდევ ექვსი ოჯახია. ყველას მათ მოუწევთ შვიდ ოჯახთან პასუხისგება. ჩვენ ვიცით ვინც არიან. ვისი ბრძანებითაც, ვისი ხელშეწყობითაც არიან ეს ბიჭები დახვრეტილები საძილე ტომრებში. ჩემი შვილი და კიდევ 6 პირი, შუა ღამემდე იყვნენ ყარაულებად, შუაღამის შემდეგ ესენი დაწვნენ და ჯგუფის სხვა წევრები იდგნენ ყარაულებად. ესენი რომ დაწვნენ, ამის მერე არიან დახოცილები საძილე ტომრებში, მძინარე. ისინი კი, ვინც ვითომ ყარაულობდნენ, გაერიდნენ და წავიდნენ. მაშინდელმა სპეცსამსახურებმა ყველაფერი იცოდნენ რა ხდებოდა, მით უფრო, პანკისში და ამხელა შეიარაღებული ჯგუფი რომ იყო ხეობაში, 60 კილომეტრი რომ გაიარეს ლოპოტაში, ეგ არ იცოდნენ? გამორიცხულია. სააკაშვილის რეჟიმის დროს, მათ თვითონ ჩამოიყვანეს ახალგაზრდები ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან. 200-მდე ადამიანი, ჯერ კიდევ მარტში", - ამბობს ასლუდინ ალდამოვი.