რამდენიმე კვირის წინ, სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამ საზოგადოებრივი პროტესტის ახალი ტალღა ააგორა - თავის ჩამოხრჩობამდე ახალგაზრდამ წერილი დატოვა, სადაც ის პოლიციელ გოდერძი თევზაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ზეწოლაში ადანაშაულებდა.
გამოძიება დაწყებულია, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა გოდერძი თევზაძე მიმალვაშია.
ბოლო წლებში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე სასაუბროდ AMBEBI.GE "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტს, მერი დაუშვილს დაუკავშირდა:
- ჩვენს ანგარიშში აღწერილია 2013 წლიდან დღემდე საიას წარმოებაში არსებული 21 საადვოკატო საქმე. უშუალოდ ის საქმეები, რომელშიც საიას ადვოკატი მონაწილეობდა და იცავდა ამა თუ იმ პირის ინტერესს.
- წინა წლებთან შედარებით, 2013 წლიდან როგორია სტატისტიკა, მომრავლებულია თუ არა სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლა, დანაშაული, უფლებამოსილების გადაჭარბება?
- ეს მონაცემი შედარებული არ გვაქვს წინა წლების სტატისტიკასთან, აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი დანაშაული მომრავლებულია ან ნაკლებია, არ შეგვიძლია.
- რამდენად მოჰყვება რეაგირება საგამოძიებო უწყებებიდან, როცა საქმეში შესაძლო დამნაშავე სამართალდამცველია?
- ყველა საქმეზე გამოძიება დაწყებულია, შეიძლება ითქვას, გამოძიება წლობით გრძელდება, მაგრამ ისე, რომ არანაირი შედეგი არ ჩანს, არც დამნაშავის გამოვლენა ხდება და დაზარალებული პირებისთვის არც დაზარალებულის სტატუსის მინიჭება არ ხდება. პირებს, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციელების მხრიდან მათ მიმართ იყო ზეწოლა და უფლებამოსილების გადამეტება, არ ანიჭებენ დაზარალებულის სტატუსს. გარედან თუ შევხედავთ, ფაქტობრივად სრულიად არაფერი არ ხდება, ხოლო თუ შიგნით მიდის გამოძიება, ჩვენი ბენეფიციარებისთვის ცნობილი არ არის იმიტომ, რომ ისინი არ არიან დაზარალებულად ცნობილები და არ აქვთ შესაბამისი უფლება.
- რომელია თქვენს ანგარიშში ყველაზე გახმაურებული ფაქტები?
- იყო რამდენიმე ცნობილი საქმე, რომელიც მედიაში აქტიურად გაშუქდა. ერთ-ერთია მამუკა მიქაუტაძის საქმე. პირი დააკავეს, დაკითხეს შსს-ში, სადაც მისცა ჩვენება თავისი მეგობრის წინააღმდეგ, რომ თითქოს მან ნარკოტიკული საშუალება გადასცა. დაკითხვიდან მეორე დღეს მიქაუტაძე ჩამომხრჩვალი იპოვეს. მიქაუტაძის ცოლის თქმით, გარდაცვლილი პოლიციის განყოფილებაში მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მოთხოვნით სასტიკად სცემეს და სწორედ ამან გადააწყვეტინა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.
კიდევ ერთი გახმაურებული ლევან აბზიანიძის საქმეა, რომელიც პოლიციაში ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაიყვანეს. როგორც მოგვიანებით აბზიანიძის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, განყოფილებაში მოშარდვის მიზნით დაალევინეს ტაბლეტები, რომ აეღოთ ბიოლოგიური მასალა და ჩაეტარებინათ ნარკოლოგიური შემოწმება. დაკითხვიდან გამოსული აბზიანიძე მალევე გარდაიცვალა. საქმეზე ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა კონკრეტული არაფერია ცნობილი.
AMBEBI.GE ამ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დაუკავშირდა პროკურატურას. როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, მამუკა მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება შეწყდა, რადგან მათი ინფორმაციით, საქმეში არსებული არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა. რაც შეეხება ლევან აბზიანიძის საქმეს, როგორც პროკურატურის პრესსამსახურში გვითხრეს, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს, საქმის სხვა დეტალები კი ცნობილი არ არის.
"საიას" ანგარიშში კიდევ რამდენიმე საქმეა, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ეხება, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, სადაც დაზარალებულთა ვინაობა დაფარულია:
გ.კ-ს საქმე: გ.კ-ს განმარტებით დგინდება, რომ 2016 წლის 27 თებერვლის ღამეს მან თავის მეგობარს მიაკითხა ქ. თელავში, მის სამუშაო ადგილას. გ.კ-ს მეგობარი ადგილზე არ დახვდა, ხოლო თანამშრომლების განმარტებით, იგი მახლობლად მდებარე კაფე-რესტორანში იყო, სადაც გამწვავებულ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. ამის შემდეგ გ.კ. მეგობრის სანახავად აღნიშნული რესტორნისკენ გაეშურა, თუმცა, მითითებულ მისამართზე მას მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ. მან სამართალდამცავებს ჰკითხა საქმის გარემოებების შესახებ და მეგობარი მოიკითხა, მაგრამ, პასუხის ნაცვლად, პოლიციელებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
მომდევნო დღეს გ.კ. დაიბარეს თელავის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის ჩადენის ფაქტზე. სასამართლომ სახდელის სახედ მას განუსაზღვრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. საქმის მასალების გაცნობის შედეგად დგინდება, რომ სასამართლო გადაწყვეტილება დაეფუძნა საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სამართალდარღვევის ოქმსა და ოქმის შემდგენის განმარტებას. ამასთან, გ.კ. დაეთანხმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა, როგორც მოგვიანებით პირად საუბარში განმარტა, მისი აღიარება განპირობებული იყო იმით, რომ მას არ ჰყავდა დამცველი, იყო შეშინებული და დაზაფრული, რის გამოც თავი აარიდა სასამართლოზე სიმართლის თქმას და სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს დაეთანხმა.
საიასთან კონსულტაციის შემდგომ, გ.კ-მ ჩაიტარა სამედიცინო შემოწმება და აიღო ექიმის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაზიანების შესახებ. აღნიშნული ცნობით დასტურდება, რომ გ.კ-ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და უჩიოდა ტკივილებს. დღესდღეობით კახეთის საოლქო პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, ვინაიდან, გ.კ. ჯერჯერობით არ არის ცნობილი დაზარალებულად, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, გაეცნოს საქმის მასალებს და მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობაზე.
თ.გ-ს საქმე: თ.გ-ს ნაამბობით ირკვევა, რომ 2015 წლის 15 დეკემბერს თერჯოლის პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს სამი არასრულწლოვანი, რომლებიც დაახლოებით 22 საათიდან დილის 5 საათამდე ჰყავდათ დაკავებული. თ.გ-ს ამ პერიოდის განმავლობაში აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, სთხოვდნენ არარსებული დანაშაულის აღიარებას და გამოძიებასთან თანამშრომლობას. მისი განმარტებით, ასევე ადგილი ჰქონდამუქარას, რომ "ჩაუდებდნენ" ნაქურდალ ნივთებს და სასამართლოში წარადგენდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ თ.გ. ამ დროისთვის იყო 14 წლის. დაკავების დროს მას ჩამოართვეს ტელეფონი და არ მისცეს დარეკვის შესაძლებლობა. თ.გ-სთან ერთად დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კი, იყო 13 წლის, რომლის მიმართ არც ადმინისტრაციულ და არც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამჟამად საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას და საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლით - განზრახ უკანონო დაკავება და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. დღემდე არ მომხდარა კონკრეტული პირებისთვის ბრალის წაყენება და არც თ.გ-ს და დანარჩენი ორი პირის დაზარალებულად ცნობა.
გ.ს-ს საქმე: გ.ს-ს ნაამბობიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 20 ივნისს ძმასთან და 2 ნაცნობ პიროვნებასთან ერთად იმყოფებოდა ქ.თელავში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გავიდა თეატრის უკან. ამ დროს მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა (რაც გამოიხატებოდა სახის და სხეულის არეში ხელებისა და წიხლების გამოყენებით ცემაში) იმ მოტივით, თითქოს გ.ს. და მასთან ერთად მყოფნი იგინებოდნენ ე.წ. "ძაღლების" მისამართით. შემდგომ გ.ს. დააკავეს, დაადეს ხელბორკილი და ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, სადაც მას სხვა პოლიციელებმაც დაუწყეს ცემა. იგი გადაიყვანეს ჯერ თელავის რაიონულ სამმართველოში, სადაც ასევე გრძელდებოდა მის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მეტიც, როგორც თავად გ.ს. აღნიშნავს, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მას არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების საშუალება.
ამის შემდგომ ის გადაიყვანეს სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ფიზიკური ძალადობის შედეგად, ამ უკანასკნელს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაჟეჟილობები. 2013 წლის 20 ივნისს თელავის რაიონულმა სასამართლომ გ.ს. ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო და სახდელის სახით დააკისრა ჯარიმა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. როგორც გ.ს. აღნიშნავს, სასამართლო პროცესზე იგი დაეთანხმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც მისი უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობითა და პოლიციელებისადმი შიშით იყო განპირობებული.
2013 წლის 21 ივნისს გ.ს-მ, სამართალდამცავების მიერ მისი ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თელავის რაიონულ პროკურატურასა და შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართა. 2013 წლის 22 ივნისს თელავის რაიონული პროკურატურის მიერ დაიკითხა გ.ს. იგი გაიგზავნა ექსპერტიზაზე, სხეულზე არსებული დაზიანებების
ხარისხის დადგენის მიზნით.
ამჟამინდელი მდგომარეობით, კახეთის საოლქო პროკურატურაში კვლავ მიმდინარეობს გამოძიება თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გ.ს-სთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე. გ.ს. დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად და, შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, გაეცნოს საქმის მასალებს და მიიღოს ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით" (საქმეები აღებულა საია-ს ანგარიშიდან)
თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE