ბესლანის ტრაგედიიდან 12 წელი გავიდა. 2004 წლის 1-ელ სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში №1 სკოლის მოსწავლეები მძევლად ბოევიკთა ჯგუფმა აიყვანა. სამი დღის განმავლობაში ტერორისტებს სკოლის შენობაში გამომწყვდეული ჰყავდათ 1100 ბავშვი, მათი მშობლები და მასწავლებლები. ტერორისტებმა რუსეთის ხელისუფლებას შამილ ბასაევის წერილი გადასცეს, სადაც ეს უკანასკნელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას მოითხოვდა.
ტერორისტებს მძევლები, მათ შორის, ასობით მცირეწლოვანი არაადამიანურ პირობებში, გაუსაძლის სიცხეში სკოლის სპორტულ დარბაზში ჰყავდათ დამწყვდეული. მათ აკრძალული ჰქონდათ არათუ საკვების მიღება, წყლის დალევაც კი.
რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა სამი დღის შემდეგ სკოლა შტურმით აიღეს. ტერაქტისა და შტურმის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 334 მძევალი, მოკლულთა უმრავლესობა სკოლის მოსწავლე იყო. 700-მდე ადამიანი დაიჭრა. ლიკვიდირებულ იქნა 31 ტერორისტი, მათ შორის, 2 ქალი.
...ყოველ წელიწადს, 1-ელ სექტემბერს ბესლანში სამგლოვიარო ცერემონია იმართება სასაფლაოზე, რომელსაც "ანგელოზების ქალაქი" ეწოდება. ფოტო, რომელზეც ფელიქს ტოტიევია ასახული, სწორედ "ანგელოზების ქალაქშია" გადაღებული. ტრაგედიას ტოტიევის 6 შვილიშვილი ემსხვერპლა - 8 წლის ბორისი, 14 წლის ლარისა, 11 წლის ალბინა, 8 წლის ანნა, 12 წლის ლიუბოვი და 15 წლის დერასი...
ფოტო: ზაურ ფარნიევი, კომერსანტი