ლიმონათის და ტკბილი სასმელების სიყვარულს ადამიანი ადრეული ასაკიდანვე ეჩვევა. ალბათ ძნელია ვინმემ თავისი ბავშვობა წარმოიდგინოს და ამ ნუგბარის გემო არ გაიხსენოს, თუმცა გაზიანი სასმელების ყოველდღიურ რაციონში ჩართვა, დაუშვებელია, - ამბობს კვების პროდუქტების ექსპერტი, პროფესორი ლია ბერიკაშვილი. რატომ? - ამ შეკითხვაზე პასუხს მისსავე ინტერვიუში ამოიკითხავთ:
- ჩვენს მაღაზიებში უამრავი დასახელების უალკოჰოლო, ტკბილი გაზიანი სასმელი იყიდება. ადგილობრივი მწარმოებლებიც ბლომად გვყავს და იმპორტიორებიც. ეს სასმელები ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ: მატონიზებელ და გამაგრილებელ ტკბილ სასმელებად, რომლებსაც ჩვენში ლიმონათს ეძახიან. ეს სასმელები ჩვენში ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს. ისინი განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ.
- რამდენად ხარისხიანია ეს პროდუქტი?
- არ ვიცით, რადგან 2012 წლამდე ჩვენ შესაბამისი კანონი არ გვქონდა: კანონი, რომელიც სურსათის უვნებლობას შეამოწმებდა, 2004 წელს გააუქმეს, რის გამოც ყველაფერი თვითდინებაზე იყო მიშვებული. მართალია, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წელს დაიწყო ამ საკითხებზე მუშაობა, მაგრამ პრობლემის უცბად მოგვარება ძალზე რთულია: ყველა სასაქონლო ჯგუფზე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაა საჭირო, ბაზარზე ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქცია რომ არ გაიპაროს. პირველ რიგში იმას უნდა მიექცეს ყურადღება, რომ ადამიანი არ მოიწამლოს და არ მოკვდეს, ხარისხზე მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი.
- ყველამ ვიცით, რომ უცხოურ სასმელებს შორის ყველაზე უფრო პოპულარული "კოკა-კოლაა~, მიუხედავად იმისა, რომ მასზე უამრავი უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება. როგორია თქვენი, როგორც სპეციალისტის აზრი ამ უცნაურ მოვლენაზე?
- მართლაც ვინ იცის, რამდენი ჭორ-მართალი ვრცელდება ამ სასმელზე: ამბობენ, რომ ამ სასმელით ნიჟარებს და უნიტაზებს წმენდენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს კომპანია მაინც არსებობს და ყოველდღიურად ვითარდება. ვერაფერს აკლებენ და ამის მიზეზი ისიც არის, რომ მატონიზებელი სასმელია. ამგვარი სასმელები ადამიანს დამოკიდებულებას უჩენს, როგორც მაგალითად, ყავა, რომელიც კოფეინს შეიცავს - კოფეინი დამოკიდებულს გვხდის ყავაზე, სხვათა შორის, კოფეინი გაზიან სასმელებშიც არის, გარდა ამისა, მას შეიძლება შერეული ჰქონდეს ჟენშენი ან სხვა ნივთიერება - ალკალოიდები, რომლებიც სერიოზულ დამოკიდებულებას იწვევენ. კოფეინის და ტონუსის მიმცემი ნივთიერებების გამო, მსგავსი სასმელების მიღება ბავშვებისთვის ნამდვილად არ არის სასურველი. როგორც ყავის მოყვარულებს ორგანიზმი გვთხოვს კოფეინის მიღებას, დაახლოებით იგივე ხდება მატონიზებელი სასმელების მიღების დროსაც - რაც უფრო მეტს ვსვამთ, მეტი და მეტი გვინდება. ყოველდღიურად მისი მიღება არათუ ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვისაც არ არის მიზანშეწონილი და სასურველი.