ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე თუში ძმების შესახებ წერს, რომლებსაც მიკროგრანტების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საკმაოდ საინტერესო პროექტის დაფინანსებაზე უარი უთხრეს:
"ეს ბიჭები, 19 წლის ტყუპი ძმები, გიორგი და შალვა მოურავიძეები არიან თუშეთიდან. ორივე სტუდენტია. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით თუშეთში ცხოვრობენ, ომალოში სახლი აქვთ, სადაც მუდმივად ცხოვრობს მათი მამა, ზურაბ მოურავიძე, "კოდექსა ძია". ენაწყლიანი თუში, კარგი მეგზური და მასპინძელი, მესაზღვრე! გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე თუშეთში არიან ტყუპების დედა და დაც.
მოურავიძეები ზაფხულობით სახლში ტურისტებსაც იღებენ, ოღონც ხუთოთახიან სახლში მხოლოდ 2 ოთახი აქვთ მოწყობილი სტუმრების მისაღებად და მაქსიმუმ 4–5 ვიზიტორის მიღება შეუძლიათ. თუშეთში ტურისტების რაოდენობის გაზრდის პარალელურად, საოჯახო სასტუმროს განვითარება გადაწყვიტეს. ეზოში მცირე ზომის სათბურიც აქვთ. მთაში, კლიმატური პირობების გამო, მოსავალი გვიან მოდის, როცა ტურისტული სეზონი თითქმის დასასრულს უახლოვდება. ძმებს კი ამ სათბურში ეკოლოგიურად სუფთა კიტრი, პომიდორი, სალათა, ბადრიჯანი, წიწაკა, კომპოსტო და სხვა ბოსტნეული მოჰყავთ ბევრად ადრე. მოკლედ, საოჯახო სასტუმროს განვითარების გარდა სათბურის გაზრდაც სურდათ. ბოსტნეულს იმდენს მოიყვანდნენ, რომ თვითონაც ეყოფოდათ, თავის საოჯახო სასტუმროსაც და კიდევ რამდენიმე სასტუმროსაც მოამარაგებდნენ. სხვა სათბური არავის აქვს.
10 ათას ლარს ითხოვდნენ მთის მიკროგრანტების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ბიზნესიდეა მოეწონათ, რის შემდეგაც ბიზნესგეგმაც წარადგინეს, ასევე გამართული და მოგებაზე ორიენტირებული, მაგრამ ბოლოს "დავიწუნეთო" და ამ ახალგაზრდებს უარი უთხრეს მხარდაჭერაზე. რატომ დაიწუნეს ვერც მე გავიგე, აბდა უბდა მიპასუხეს შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგ ცენტრში. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ამ სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს კახეთში და კიდევ ორ რეგიონში. რატომ ან როგორ შეარჩიეს ეს ორგანიზაცია არვიცი".