ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილის შესახებ წერს, რომელიც ადგილობრივ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს:
"ლაილაში (ლეჩხუმი) ოქრონიშის წყარო და აუზი, გინა სვიმინგ პული, ბევრად უკეთესი ვიდრე მილიონერების სასტუმროებში, ბევრად უფრო სუფა და ყინულოვანი წყაროს წყლით. კერძო ინვესტორის გარეშე გაკეთებული (პირსისხლიანი ამერიკელების მიერ დაფინანსებული), ყველასთვის და პირველ რიგში სოფლელთათვის.
რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობისას აკაკი წერეთელიც იყო ამ წყაროზე და დიდად აქო კიდეც - საარაკო უწოდა. მართალი იყო აკაკი, თან როგორ მართალი" - წერს ბაქრაძე.
ლაილაში ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 850 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.
ლაილაში ისტორიული სოფელია. წყაროებში მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფელში აღმოჩენილია ძვ. წ. XIV-XIII სს-ის ბრინჯაოს ცულების განძი, რომელიც ერმიტაჟის მუზეუმში ინახება.
1912 წელს აკაკი წერეთელმა იმოგზაურა რაჭა-ლეჩხუმში. პოეტმა ქალაქ ქუთაისიდან 21 ივლისს დაიწყო მოგზაურობა და ამ მოგზაურობის დასასრული ლეჩხუმის სოფელი ლაილაში იყო. სოფელ ლაილაშში პოეტს გულთბილი დახვედრა მოუწყვეს და ღირსეულად გაუმასპინძლდენ. ცნობილია, რომ აკაკი წერეთელს ლაილაშის საზოგადოებამ ვერცხლის ჯოხი მიართვა.