"ტონი ბენეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეჭიაური გამოვიდა" - "ამოუცნობი" მუსიკოსების სკულპტურები შეკვეთილში

"ტონი ბენეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეჭიაური გამოვიდა" - "ამოუცნობი" მუსიკოსების სკულპტურები შეკვეთილში

"დღეში 10 საათი ვუსმენ მუსიკას, მაგრამ ეს საერთოდ ვინაა, ვერ მივხვდი"

"ავტორს ხელები დაატეხეთ!"

"სტივი მკვდარი რომ ყოფილიყო, საფლავში გადატრიალდებოდა"

"ფრედი მერკური რო არ უნახავს ამის მოქანდაკეს, გასაგებია, მარა, ადამიანიც არ უნახავს როგორია, კაცო?"

"ელვისი შლაქსებმა გადაარჩინა, თორე ესეც ამოუცნობ ობიექტად დარჩებოდა"

"იდეაში ტონი ბენეტი უნდა ყოფილიყო, ალბათ, მაგრამ მომღიმარი თამაზ მეჭიაური გამოვიდა"...…

"როცა არავის და ვერავის ვერ ამგვანებს ხალხი, მიაწერონ მაინც, თორემ ამათი სულები იტანჯებიან ამ დროს!"

"აუუუ, ლენინს რატომ ჰგავს? ავტორი დათაგეთ, ახსნას"

"ოოოო, ერთადერთი მუსიკოსი, ვინც წამის მეათასედში ვიცანი, დიდი ჯანსუღ კახიძეა! ამაში, მოქანდაკეს ნამდვილად 10 ქულას ვუწერ! თავიდან ბოლომდე ჰგავს ჩაცმულობიან-დგომის მანერიანად!"

"...ვხოხავ... იმენა უნიჭო ხალხის ნამუშევარია"...

ეს ფეისბუქში ინტერნეტმომხმარებლის მიერ მუსიკოსთა სკულპტურების ფოტოებზე გაკეთებული კომენტარებია. თავად სკულპტურები "მუსიკოსთა პარკში", საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა, რაც სახელმწიფოსთვის "ფონდი ქართუს" საჩუქარია.

თქვენი არ ვიცი და მე ამ კომენტარების კითხვისას უნებლიედ კინოფილმი - "არაჩვეულებრივი გამოფენა" გამახსენდა: როდესაც აგული ერისთავთან მისულ ქვრივ ქალს ქმრის ბიუსტის დანახვისას ასეთი რეაქცია აქვს: "ჩემო სავლე, რა გიქნეს, ვაი, ვაი"... "მგონი, გავს? გავს ხომ? ხო, ულვაშებში გავს"...

ნახსენები სკულპტურებიც დაახლოებით ასეა, ზოგი ულვაშით იცნეს, ზოგი შლაქსებით და ზოგიც პიჯაკით... არადა, "მუსიკოსების პარკი" თავისთავად მშვენიერი იდეაა. როგორც "ფონდი ქართუს" წარმომადგენლები ამბობენ, Black Sea Arena-ზე მუშაობის პერიოდში გადაწყდა, საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, არსებული ტყის ტერიტორიაზე სასეირნო ბილიკები, განათება მოწყობილიყო და შექმნილიყო "მუსიკოსთა პარკიც", სადაც თავს მოიყრიდა ქართული და მსოფლიო მუსიკის მოღვაწეთა სკულპტურები. იქ მისული ნებისმიერი მსურველი ცნობილი კომპოზიციების მოსმენასაც შეძლებს - ამისთვის სკულპტურასთან მიახლოებაც კმარა, - იქვე დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით, კონკრეტული კომპოზიტორისა თუ მომღერლის ცნობილი მუსიკა ირთვება... ჯერ მხოლოდ 23 სკულპტურაა დამონტაჟებული. წლის ბოლომდე ეს რიცხვი 35-მდე გაიზრდება.

"მუსიკოსთა პარკი" საჩუქრად ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადაეცა. ყველაფერი კარგი, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანებს სკულპტურების იდენტიფიკაცია უჭირთ - ზოგი მათგანი ძალიან განსხვავდება იმ პიროვნებისგან, რომელსაც განსახიერებს. შესაძლოა, ავტორს თუ ავტორთა ჯგუფს ასეთი ჩანაფიქრიც კი ჰქონდათ, მაგრამ ამის გარკვევის საშუალებას ჟურნალისტებს არ გვაძლევენ - "ფონდი ქართუს" წარმომადგენლები მოქანდაკეების გვარებს არ ასახელებენ. "ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი უძილაურმა, კითხვაზე, თუ ვის ეკუთვნის სკულპტურები, ასეთი პასუხი გაგვცა: "სკულპტურებს ერთი კონკრეტული ავტორი არ ჰყავს, რამდენიმე მუშაობდა და ისინი ევროპელები არიან". დამთვალიერებლებს ეჭვიც გაუჩნდათ, რომ ავტორი ზურაბ წერეთელია, რაც "ქართუმ" ერთმნიშვნელოვნად უარყო.

თუ უკვე დამონტაჟებული სკულპტურებიდან ჭირს ზაქარია ფალიაშვილის, ჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, ევგენი მიქელაძის, ბიბი კინგის, რეი ჩარლზის, ფრენკ სინატრას, ჯიმი ჰენრიქსის, მაიკლ ჯეკსონის, უიტნი ჰიუსტონის, ედიტ პიაფისა და სხვა ცნობილი მუსიკოსების ამოცნობა, იქნებ, წლის ბოლომდე, სანამ პარკი სრულად შეივსება დანარჩენი ცნობილი ხელოვანების (ჯორჯ ბალანჩინი, სანფრო კავსაძე, ილიკო სუხიშვილი, ნინო რამიშვილი, ჰამლეტ გონაშვილი, ბახი და სხვა.) სკულპტურებით, ავტორებმა, პროექტის ხელმძღვანელებმა გაითვალისწინონ საზოგადოების აღელვება და ისინი ოდნავ მაინც მიაახლოვონ რეალურ პორტრეტებთან...

"მუსიკოსთა პარკი" "ქართუს" ინვესტირებით შეიქმნა. ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, პარკში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მათივე თქმით, სკორპიონზის კონცერტის შემდეგ, მეორე დღეს რამდენიმე სკულპტურა დაზიანდა. მიიჩნევენ, რომ ეს ჩვეულებრივი ვანდალიზმი იყო. დაზიანებული სკულპტურები შეკეთდება და პარკს კამერები დაემატება.

საქართველოში ნებისმიერი ძეგლის, სკულპტურის დადგმას, აღებას თუ მის სხვა ადგილზე გადატანას მოსახლეობა ემოციურად ხვდება. როგორც ჩანს, ძეგლების თემა ძალიან აღელვებს საზოგადოებას, ამიტომ ავტორებს მეტი დაფიქრება და ოსტატობა მართებთ, რომ ცხარე კრიტიკა არ დაიმსახურონ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი