ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიოს ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებსა და სპორტსმენებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული გულშემატკივრები დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი.
თავის მხრივ ქართველმა ოლიმპიელებმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც ჩემპიონებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, მათი გამარჯვების მთავარი მიზეზი სწრედ გულშემატკივართა მხარდაჭერაა. "მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დროის განმავლობაში გვგულშემატკივრობდა, ვისაც ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ შეეპარა. ეს გამარჯვება არის თითოეული ჩვენგანის და მთელი საქართველოსი. ემოციები დღეს უფრო მეტად გვაქვს მოჭარბებული და ამდენი ადამიანის აქ ყოფნა ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა", - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. მისი თქმით, ეს არის ქვეყნის წარმატება და სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას. "მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც შრომა ჩადო და საქართველო მსოფლიო ასპარეზზე ასახელა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ქართველი სპორტსმენები არიან ძლიერები. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ სპორტის სხვადასხვა სახეობის ხელშეწყობას", - აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.