ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს და სოფელ დიდაჭარის მთის გვერდით ზღვის დონიდან 2058 მეტრზე მდებარე მწვანე ტბა ტურისტებისა და ექსტრემალებისთვის გამორჩეული ადგილია.
მწვანე ტბა ნაომვარის მთის ძირში, ალპურ ზონაში იმ ქედების შუაში მდებარეობს, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ჰყოფს.
ტბაზე წასვლა გვიან გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომის პირველ ნახევარშია შესაძლებელი. ზამთრობით ტბასთან მისვლა რთულია თოვლის მაღალი საფარის გამო, თუმცა ექსტრემალებისთვის ადრე გაზაფხულზე ტბის ზედაპირზე გადაკრულ სქელ ყინულზე "გასეირნებაც" ძალიან საინტერესოა.
ტბას წიფლის ხე-მცენარეები აკრავს, სწორედ ამიტომაა, რომ წყალს მწვანე ელფერი აქვს. მწვანე ტბა მარაგდება მთის წყაროებით და ამიტომაცაა, რომ ტბაში ბანაობა ყინულივით ცივი წყლის გამო ბევრს არ შეუძლია.
მწვანე ტბაზე ვიზიტი განსაკუთრებით უყვარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ მეთაურს ასლან აბაშიძეს. ის ტბაზე ვერტმფრენით მიდიოდა და ხშირად თან მიჰყავდა სტუმრები რუსეთიდან.
2004 წელს აჭარის რევოლუციის წინა პერიოდში ასლან აბაშიძემ სწორედ ამ ტბის ფსკერზე ჩაუშვა საბრძოლო იარაღი, რომელიც 2015 წელს ამოიღეს წყლიდან. მწვანე ტბის ყველაზე ღრმა წერტილი 14 მეტრია.
ფოტო: გურო ალაფიშვილი
ნინო ხოზრევანიძე
AMBEBI.GE