ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულ ბექა ბექაურის ადვოკატის, მაია ჭრელაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ ტერაქტის მოწყობას ოკუპირებულ ტერიტორიასთან გეგმავდა, სადაც მავთულხლართებია განლაგებული.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბექაური ტერაქტის ორგანიზატორად მხოლოდ საკუთარ თავს ასახელებს და ამბობს, რომ განხორციელებასაც მარტო გეგმავდა. რაც შეხება დაკავებულ სხვა პირებს, ადვოკატი ვარაუდობს, რომ მათი დაკავება ბექაურთან კავშირის გამო მოხდა.
"ბექაური აღიარებს, რომ აპირებდა ტერაქტის მოწყობას ოკუპირებულ ტერიტორიასთან, იქ, სადაც მავთულხლართებია განლაგებული. მიზეზად ასახელებს იმას, რომ ვერ იტანს რუსეთს. ამბობს, რომ 3 წელი აგროვებდა იარაღს. მისივე თქმით, ჯარისკაცი იყო და არ გაუჭირდებოდა იარაღის შეგროვება", - განაცხადა ბექა ბექაურის ადვოკატმა.
რაც შეხება ბრალდებულის ცემის ფაქტს, რაზეც ბექაური გამომძიებლებმა დღეს დაკითხეს, ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბექაური დაკავებისას ერთმა სპეცრაზმელმა სცემა.
"იძახის, რომ სცემა სპეცრაზმელმა მაშინ, როდესაც სპეცრაზმი მივიდა საგურამოში მის დასაკავებლად. არავითარ ფიზიკურ ძალადობას აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით ადგილი არ ჰქონია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ აღიარებითი ჩვენება ნებაყოფლობით მისცა", - განაცხადა მაია ჭრელაშვილმა.
ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცემის ფაქტისთვის შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობის მიცემას და განცხადების დაწერასაც გეგმავს.