გაიცანით 18 წლის ბიჭი, რომელმაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ეკო-ნავი ააწყო

გაიცანით 18 წლის ბიჭი, რომელმაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ეკო-ნავი ააწყო

18 წლის გოგა ოთინაშვილმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ეკო-ნავი დაამზადა. ერთი ადამიანის სამგზავრო საშუალება, რომელიც 75 კგ-მდე წონას უძლებს, არც მეტი, არც ნაკლები, პლასტმასის ბოთლებისგან არის დამზადებული. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბრისას ეკო-ნავის შემქმნელი აღნიშნავს, ნავის დამზადებას, დაახლოებით 700 ბოთლი, მცირე ფინანსური დანახარჯები და სამუშაო გარემო - მეზობლის სარდაფი დასჭირდა.

იხილეთ ვიდეო

"საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ უნდა გადაიყაროს. მათი გამოყენებით შესაძლოა, ისევ გაკეთდეს საჭირო ნივთები", - ამბობს გოგა ოთინაშვილი და ეკო-ნავის შექმნის მოტივად ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების სურვილს ასახელებს.

"იდეა ასე გაჩნდა: ბევრი ბოთლი მქონდა და არ ვიცოდი სად წამეღო. გადავწყვიტე შემექმნა ეკო-ნავი. ინტერნეტში ვნახე მსგავსი ნაკეთობები. საქართველოში ანალოგიური რამ არ არსებობს. მინდოდა საქართველოშიც ყოფილიყო ასეთი ნავი. ეკოლოგიურია, ყველაფერი საყოფაცხოვრებო ნივთებით არის გაკეთებული და აგებულების მიხედვით საკმაოდ მარტივია. ნავი ნიჩბებით გადაადგილდება. თუმცა, სამომავლოდ, ელექტროძრავის დამონტაჟებას ვაპირებ. ტევადობა ერთ ადამიანზეა გათვლილი. 75 კგ-მდე უძლებს. ეკო-ნავი წყალგაუმტარი სილიკონით არის შეკრული. შემდეგ ერთმანეთზე მჭიდროდაა დამაგრებული კაპრონის ძაფით. ბოლო ეტაპია ე.წ. ქაფი, რომელსაც კარ-ფანჯრების დასაფიქსირებლად იყენებენ. ეს ყველაფერი ნავის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - ამბობს გოგა ოთინაშვილი და დასძენს, რომ ნავით მგზავრობა უკვე გამოსცადა:

"მე თვითონაც ვიჯექი უკვე რამდენჯერმე. წყალზე კარგად ლივლივებს. თბილისის ზღვაზე, სადაც ტალღებიც არის, რამდენჯერმე გამოვცადე. ოფიციალურ პრეზენტაციას შაბათს, თბილისის ზღვის თემქის პლაჟზე გავმართავ".

ახალგაზრდა გამომგონებელი სამომავლოდ იდეის განვითარებას გეგმავს: "მინდა უფრო დიდი ზომის ეკო-ნავი გავაკეთო, რომელიც რამდენიმე ადამიანს დაიტევს. ეს პირველი ეტაპი იყო. ალბათ უფრო დაიხვეწება ეს იდეა", - ამბობს გოგა ოთინაშვილი.

როგორც ახალგაზრდა გამომგონებელი AMBEBI.GE-ს უყვება, მისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფერო ძალიან მიმზიდველია. დაინტერესებულია ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიით. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსებში. მისმა ნაშრომმა კონკურს "მომავალ ფიზიკოსთა ფესტივალი 2015"-ის ფარგლებში "მოსწავლის საუკეთესო ნაშრომის" სტატუსი მოიპოვა. იყო ედისონის ლიგის ფინალისტი "თავისუფალ უნივერსიტეტში"; აღებული აქვს პირველი ადგილი ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაში და გამარჯვებულია ნომინაციაში: "პერსპექტიული მეცნიერი".

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი