"პირველად მოხდა, რომ კონტრაქტი გააფორმეს 24 წლის მხატვართან" - ლევან სონღულაშვილი პოლ ბუტსის გალერეაში

"პირველად მოხდა, რომ კონტრაქტი გააფორმეს 24 წლის მხატვართან" - ლევან სონღულაშვილი პოლ ბუტსის გალერეაში

24 წლის ლევან სონღულაშვილი პოლ ბუტსის გალერეაში გამოფენის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა, თუმცა მისი ნამუშევარი სერიიდან " იდემ ეტ იდემ", რაც ლათინურიდან ერთი და იგივეს ნიშნავს, ისეთ ცნობილ სახელებთან ერთად გამოიფინა, როგორიცაა ოდ ნერდუმი, აარონ ჯონსონი, ლუი როსი და სხვა. გამოფენის კურატორმა სპეციალურად შეარჩია 15 ერთმანეთისგან განსხვავებული შემოქმედი. გამოფენის მთავარი იდეა, რომელსაც "მეოთხე კედელი" ჰქვია, მნახველებსა და მხატვრებს შორის უხილავი ბარიერის, კედლის გარღვევაა. გალერეის კურატორი კეისი გლეგორნი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ლევანის შემოქმედების შესახებ საუბრობს.

"ლევანი ყველაზე ახალგაზრდა არტისტია აქ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. აქ წარმოდგენილი არტისტები სრულიად განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან ხედვით, ტექნიკით, მიმართულებით. ძალიან საინტერესოა მათი ერთად შეკრება ამ კონკრეტულ გამოფენაში. აქ გამოფენილი ნამუშევრების ფასი 2 ათასი დოლარიდან 280 ათასამდე მერყეობს."

ლევან სონღულაშვილი მაგისტრატურას ენდი უორჰოლის მიერ დაარსებულ ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში გადის, რომელსაც მომავალ წელს დაასრულებს. ამჟამად ის თბილისშია.

ლევან სონღულაშვილი: მე ხშირად მაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა ჩემთვის, გამომდინარე იქიდან, რომ 15 საერთაშორისო არტისტი იღებს მონაწილეობას, სადაც შესული არიან თანამედროვე არტ-სამყაროს ცნობილი სახელები. პირველად მოხდა, რომ კონტრაქტი გააფორმეს 24 წლის მხატვართან რადგან ძირითადად უფრო უფროსი ასაკის მხატვრებს იწვევენ ხოლმე.

გამოფენის გახსნას ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები დაესწრნენ, იმყოფებოდა საქართველოს გენერალური კონსული ნიუ-იორკში დიანა ჟღენტიც.

დიანა ჟღენტი: ძალიან სასიამოვნოა, როდესაც წარმატებული ახალგაზრდა ქართველები ფეხს იკიდებენ ნიუ-იორკში. ლევან სონღულაშვილის ფერწერა, მისი შემოქმედება როგორც არტისტის, უფრო ფართო მასებისთვის ხდება ცნობილი. დღევანდელი გამოფენაც ამის დასტურია. რაც უფრო მეტ ქართველ ხელოვანს ექნება საშუალება, რომ თავისი შემოქმედება გააცნოს ფართო საზოგადოებას, უფრო მეტად და კარგად გაგვიცნობს მსოფლიო, თუ როგორი დიდი კულტურის და ღირებულების ერი ვართ.

ნიუ-იორკის გამოფენის შემდეგ ლევან სონღულაშვილი ლონდონის "საათჩის" გალერეის არტ-ფეარისთვის ემზადება, სადაც მისი ნამუშევრების სერია "იდემ ეტ იდემ " პირველი ნაწილი იქნება წარმოდგენილი. ლევანი ამბობს, რომ ეს კონცეპტუალური ნაუშევარია და ამ კონცეფციის გაგრძელებაა ის კომპოზიცია, რომელიც ნიუ იორკში ბუტსის გალერეაში გამოიფინა და თავის მყიდველს ელოდება.

ისტორიული და მნიშვნელოვანია ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმში ნოემბერში დაგეგმილი გამოფენაც. 21 რჩეული მხატვრის წინაშე 68 წლის როკ-ვარსკვლავმა იგი პოპიმ სრულიად შიშველმა იპოზიორა. ლევან სონღულაშვილი ამერიკის ხმასთან ამ პროექტის დეტალებს იხსენებს.

ლევან სონღულაშვილი: ოთხი ეტაპი იყო. იგი პოპი სხვადასხვა პოზებში დავხატეთ და შესაბამისად ოთხი ნამუშევარი შეიქმნა. პირველი ეტაპი 5-5 წუთი, შემდგომი 10 წუთი გაგრძელდა. ბოლო ეტაპზე უფრო მეტი დრო გვქონდა. გაფრთხილებულები ვიყავით, რომ თუ თავად არ დაიწყებდა ჩვენთან საუბარს, მისთვის არაფერი გვეთქვა. იგი პოპი ყოველი შესვენების დროს მხატვრებთან შემოვლას აკეთებდა და მახსოვს ჩემს ნახატთან გაჩერდა, უყურებდა და გამომელაპარაკა, მოეწონა. თუმცა ჩემთვის მნიშვნელვანი იყო იქ დამსწრე მხატვრების და კრიტიკოსების შეფასება, რომლებმაც ჩემი ნახატები შეარჩიეს.

ლევან სონღულაშვილის თვალით დანახული იგი პოპი იმ კატალოგშიც შევიდა, რომელიც გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.

წყარო: amerikiskhma.com

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი