"ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა" - ასე იხსენებს ერთ-ერთ ქადაგებაში პატრიარქი ილია მეორე თავის ბავშვობას...
ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა.
გიორგი შიოლაშვილი შვილებს თავიდანვე ეკლესიურ გარემოში ზრდიდა. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. უკვე ბერად შემდგარ შვილს მამა სიყვარულითა და მოწიწებით სავსე წერილს უგზავნის:
"სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. მოკითხვა და გამარჯვება მამა ილიას, აწ ჩემ შვილს ირაკლისა. ყოვლადშემძლესა ღმერთსა ვსთხოვთ შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს, რომ შენი გული იყოს მუდამ გახარებული. ამაღამ წმინდა ნინოობაა, შეგეწიოს და დაგეხმაროს. ირაკლი, ჩვენი დარდი ნუ გექნება, ჩვენ სუყველანი კარგად ვართ. გიმეორებ, ჩვენ არაფერი გვიჭირს რა, შენ გადი იოლასა, იყავი კარგა, ღმერთი იყოს შენთან მუდამ. ჩვენს წუთისოფელში ცხოვრება სიზმარია. გწერს გაგაი, კიდავ და კიდავ, ღმერთი იყოს შენთანა. მამა" - ასრულებს შვილისადმი გაგზავნილ ემოციურ წერილს გიორგი შიოლაშვილი.
დაათვალიერეთ ფოტოგალერეა: იშვიათი ფოტომასალა ილია მეორეს ცხოვრებიდან
ნინოობის დღესასწაულზე ილია მეორისადმი მიწერილ წერილში დედა წერს: "მოკითხვა ჩემ საყვარელ და ძვირფას შვილს ირაკლის, შევნატრი ჩვენს გამჩენ ღმერთს შენს სიცოცხლეს და ჯანმრთელად ყოფნას, რომ იყოს შენი სიცოცხლე გახარებული შენი ჯანმრთელობით და ვხარობდეთ ჩვენცა შენგნით. ირაკლი, მივიღე შენი გამოგზავნილი ფული, წერილი და რა თქმა უნდა გავიხარეთ. ჩვენ იოლას გავდივართ, იქნებ გჭირდებოდა და დაიკალ და ჩვენ გამოგვიგზავნე... გენაცვალას დედა... ნინოობას გწერ ამ წერილს, იყავ კარგა, ღმერთი იყოს შენი მფარველი, ღვთისმშობელი, ნინო საქართველოს განმანათლებელი გეხმარებოდეს და გფარავდეს შვილო ჩემო. მოკითხვა ყველა შენს კეთილებსა და ეკლესიისთვის პატიოსან მორწმუნეთ. დედა".
კიდევ ერთ წერილში ნატალია კობაიძე რუსეთში გამგზავრებულ შვილს სამშობლოდან მოკითხვას უგზავნის: "მოკითხვა ჩემს საყვარელ შვილს, ძვირფას, ოქროს, ბრილიანტს. შევნატრი ღმერთს, შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს ჩემო გულო. ეხლა მივიღეთ შენი დეპეშა, რომელშიც იწერები როგორ ჩახვედითო, ჩვენ კარგად ჩავედით, ორი დღე მცხეთას გავჩერდით, მერე სუყველანი ერთად წამოვედით. მოკითხვა ყველას, შენს კეთილებს, შენს ერთგულ ქართველებსა და რუსებსაც. კარგად იყავ ჩემო სიცოცხლევ, ღმერთი იყოს შენი მფარველი ყველა საქმეში და ყველა ბიჯზე, ვეხვეწები ღვთისმშობელს, რომ გიფარავდეს და გიხსნიდეს ბოროტისგან. გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი"...
პატრიარქისადმი მშობლების მიერ მიწერილ ემოციურ წერილებს ჟურნალმა "კარიბჭემ" ფეისბუქის გვერდზე მოუყარა თავი და მათი გაცნობის საშუალებას ინტერნეტმომხმარებლებსაც აძლევს. "კარიბჭის" ფეისბუქის გვერდზე პატრიარქის ცხოვრებიდან საინტერესო დოკუმენტური მასალები და უნიკალური ფოტოარქივიც ქვეყნდება, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლებში დიდი გამოხმაურება აქვს.
ასევე წაიკითხეთ: ემოციური წერილები პატრიარქს - რას წერენ ბავშვები ილია მეორეს