"სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, მაგრამ აკადემიური ავიღე" - ზაზა ნადირაძის პირველი ინტერვიუ პირადზე

"სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, მაგრამ აკადემიური ავიღე" - ზაზა ნადირაძის პირველი ინტერვიუ პირადზე

ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში მე-5 ადგილი დაიკავა. ფინალში ქართველ სპორტსმენს საპრიზო სამეულამდე 0,189 წამი დააკლდა. ოქრო-ვერცხლს კი ის ნიჩბოსნები დაეუფლნენ, რომლებსაც ქართველმა, ნახევარფინალში აჯობა. ზაზა ნადირაძე AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

- გამარჯვების მოლოდინი მქონდა. თქვენც ნახეთ როგორი სპორტია, შედეგები დამოკიდებულია სანტიმეტრებზე, სტარტზე, იმაზე, როგორ დაუბერავს ქარი და ა.შ. ვისაც მოვუგე ნახევარფინალში, გუშინ მათ მომიგეს მე. სამწუხაროდ, ცუდი სტარტი მქონდა და ამან განაპირობა შედეგი, რაც მივიღე. სტარტი ჩამივარდა, დიდი ენერგია დავხარჯე, რომ დავწეოდი სხვა სპორტსმენებს, ბოლოს ძალა აღარ მეყო, ისე დავიღალე ვერაფერს ვხედავდი და ლამის რაღაცას დავეჯახე.

- ცნობილია, რომ საკმაოდ მძიმე პირობებში გიწევთ ვარჯიში...

- კი, სულ სამი სპორტსმენი ვართ ნიჩბოსნობით დაკავებული. სხვები იჩენენ სურვილს, მოდიან, მაგრამ ხედავენ, რომ ამ სპორტს პერსპექტივა არ აქვს და მიდიან. არ გვაქვს ნავები და ბაზა, ასეთ პირობებში ვინ მოვა? ამ სპორტს არ ექცევა სათანადო ყურადღება და ჩვენი ძალებით ვახერხებთ ყველაფერს.

- სად ვარჯიშობთ?

- მე მცხეთაში ვვარჯიშობ, სხვები - სხვაგან. იყო მომენტები, როცა მშენებლობაზე ვმუშაობდი იმის გამო, რომ ეკიპირება შემეძინა. თუმცა წელს ეს აღარ დამჭირვებია. არ გვაქვს არანაირი დახმარება, სპორტსმენები, ტრენერები და ჩვენი პრეზიდენტი დავით ქაცარავა საკუთარი სახსრებით ვყიდულობთ ყველაფერს. ერთიანი ძალებით და წვალებით გვიწევს მუშაობა, იმიტომ რომ ეს სპორტი არავის აინტერესებს.

- რამდენი წელია, რაც ნიჩბოსნობით დაინტერესდით?

- ჯერ მხოლოდ 22 წლის ვარ და უკვე ათი წელია ამ სპორტში ვარ. განსხვავებული სპორტია, ყველაფერია გაერთიანებული მასში, ამიტომაც დავინტერესდი ნიჩბოსნობით, მერე საქართველოში მოვიპოვე პირველობა და აღარც წავსულვარ ამ სპორტიდან.

- ნიჩბოსნობის გარდა კიდევ რას საქმიანობთ?

- ხან რას ვაკეთებ, ხან რას. მშენებლობაზეც მიმუშავია, სახლში თუ არის რამე საქმე, ვაკეთებ. თუმცა ძირითადად მაინც სპორტს მივყვები. ვსწავლობ ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო აკადემიური ავიღე და მთლიანად სპორტზე გადავერთე. აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას და მშენებელი გამოვალ.

ასევე წაიკითხეთ: "3.000 ევროს ხელფასს სთავაზობდნენ აზერბაიჯანის ნაკრებში..." - რას ჰყევბა დავით ქაცარავა ზაზა ნადირაძეზე

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი