მსახიობ ნათია კვაშალს სურათების გადაღება ძალიან უყვარს და საოჯახო ალბომიც აქვს. თუმცა, ახლა ფოტოებს იშვიათად ბეჭდავს, მათ კომპიუტერში ინახავს. საოჯახო ალბომს მასთან ერთად გადავხედე. ნათია ინტერვიუს ბოლოს გამოგვიტყდა, რომ შეყვარებულია.
- ვიდრე შენს ფოტოებზე ვისაუბრებთ, მითხარი, სად ისვენებ?
- ზაფხულში სადაც უნდა წავიდე და დავისვენო, არაფრად მივიჩნევ, ზღვაზე თუ არ წავედი. ჩემთვის ნამდვილი დასვენება ზღვასთან ასოცირდება. ამიტომ, მალე ზღვას მივაშურებ.
- როგორი დასვენება გიყვარს?
- ჩემი დასვენება დაღლას უფრო ჰგავს. თუმცა, ზღვაზე მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად დროს სასიამოვნოდ ვატარებ ხოლმე.
- ნათია, როგორი ბავშვი იყავი?
- როგორც გადმოცემით ვიცი, ძალიან აუტანელი და ცუდი ხასიათის ბავშვი გახლდით. ყველაფერზე ვტიროდი, მაგრამ ხშირად, ტირილის მიზეზი არც კი მქონდა. აი, აქ ერთი წლის ვარ. ეს ჩემი საყვარელი ფოტოა...
- შენს ჭირვეულობას მშობლები როგორ ეგუებოდნენ?
- დედა ხშირად მეუბნება, რომ ჩემს ამ საქციელს დიდი მოთმინებით იტანდა მანამ, ვიდრე გაუსაძლისი არ გახდებოდა. - როცა გეკითხებოდი, რატომ ტირი? უფრო უმატებდიო, - ღიმილით ამბობს. ბოლოს ალბათ, მიეჩვია და ჩემს უაზრო ტირილს ყურადღებას აღარ აქცევდა (იცინის).
- ეს ალბათ, შენი საყვარელი დათუნიაა, არა?
- ამ სურათში დაახლოებით ორი წლის ვარ. ეს დათუნია გამორჩეულად მიყვარდა, მაგრამ ჩემი არ იყო. მეზობლის ბავშვს ძალით წავართვი და ვთამაშობდი. კბენიაც ვიყავი, როცა რომელიმე ბავშვის საქციელი არ მომეწონებოდა, მწარედ ვიკბინებოდი.
- შენს ოჯახზე მომიყევი რამე...
- ჩემს ოჯახზე ყოველთვის ამაყად ვსაუბრობ, რადგან ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ძმა რთულ პერიოდში ვიზრდებოდით, მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სიყვარულში გვეცხოვრა. მკაცრად არასოდეს გვექცეოდნენ. ოჯახისგან ყოველთვის სითბოს, სიყვარულსა და დიდ თანადგომას ვგრძნობდი. ეს სურათი, სადაც მე და ჩემი ძმა მამასთან ერთად ვართ აღბეჭდილი, გამორჩეულად მიყვარს.
- მეზობლებს ვეჩხუბებოდიო, - ამბობ. საინტერესოა, ძმასთან როგორი ურთიერთობა გქონდა?
- მე და ჩემი ძმა ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღე ვჩხუბობდით, მაგრამ იმდენად ნათელი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა, რომ ეს ჩხუბიც კი სასიამოვნო მოგონებად დამრჩა. ამ სურათში, სადაც ძმასთან ერთად ვარ, დაახლოებით ბაღის ასაკის გახლავართ.
- თანატოლებში თავის გამოჩენა თუ გიყვარდა?
- თავის გამოჩენა და მსგავსი რაღაცები სკოლის პერიოდში დავიწყე. ბაღის პერიოდიდან ის მახსოვს, რომ იქაური საჭმელები საოცრად მიყვარდა. ყოველდღე სიამოვნებით მივდიოდი ბაღში იმ იმედით, რომ იქ მაკარონს მაჭმევდნენ. სახლში დაბრუნებულს კი თუ ის კერძი არ დამხვდებოდა, რისი მომზადებაც დედას დავუბარე, შემეძლო, იმდენ ხანს მეტირა, ვიდრე არ გამიკეთებდნენ.
- სკოლაში როგორი ჩაცმული დადიოდი?
- მოდის ტენდენციებს ნამდვილად არ ვითვალისწინებდი. სკოლაში ყოველთვის კომფორტულად და თბილად მეცვა. მეგობრები ხშირად ვიხსნებთ იმ პერიოდს და ვაღიარებთ, რომ საკმაოდ უგემოვნოდ ვიმოსებოდით.
- სკოლის დამთავრების შემდეგ იმიჯი თუ შეიცვალე?
- რა თქმა უნდა, სკოლის დამთავრების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: ჩაცმის სტილიც, ვარცხნილობაც, თავის მოვლაც დავიწყე და ვცდილობდი, ყოველთვის ფორმაში ვყოფილიყავი. ... განაგრძეთ კითხვა