"ის ემოცია, რაც მისი გამარჯვებისას გვქონდა, აუხსნელია..." - გაიცანით მშობლები, რომლებმაც ოლიმპიური ჩემპიონი აღზარდეს!

"ის ემოცია, რაც მისი გამარჯვებისას გვქონდა, აუხსნელია..." - გაიცანით მშობლები, რომლებმაც ოლიმპიური ჩემპიონი აღზარდეს!

ლაშა ტალახაძე - ეს სახელი და გვარი საქართველოს და მსოფლიოს დიდხანს ემახსოვრება. 22 წლის ბიჭმა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, მსოფლიოს კი რეკორდით დაამახსოვრა თავი (ძალოსანმა ჯამში 473 კგ აზიდა - ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ. აკვრაში ეს წონა მსოფლიო რეკორდია).

AMBEBI.GE გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებმაც "ზებუნებრივი ძალოსანი" აღზარდეს - კობა ტალახაძე და ჟანა დონაძე ლაშა ტალახაძის მშობლები არიან.

ლაშა ტალახაძეს ვარჯიში ძალოსნობაში, საჩხერეში ადრეული პერიოდიდან დაუწყია, მაგრამ რადგან იმ ასაკში ამ სახეობისთვის შესაბამისი უნარები ჯერ არ ჰქონდა, მამას, კობა ტალახაძეს, რომელიც წარსულში ასევე წარმატებული ძალოსანი იყო, ჭიდაობაზე შეუყვანია, სადაც 2-3 წელი ივარჯიშა. ამასთან, ფეხბურთზეც ატარებდნენ და როცა მამამ ჩათვალა, რომ შვილის ძალოსნობაზე სიარული შეიძლებოდა, ამ სახეობას დაუბრუნა.

"ვარჯიში ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით დავაწყებინე, ბავშვმა ისეთი მონაცემები გამოავლინა, რომ მალე საქართველოს ჩემპიონატზე გავიდა და ჩემპიონი გახდა. მერე ევროპის ჩემპიონატზე (ახალგაზრდებში) იასპარეზა, რომელიც ესპანეთში ჩატარდა, შეჯიბრება მოიგო, ოქროს მედალი დაიმსახურა", - სიამაყით ამბობს მამა.

წაიკითხეთ: "ზებუნებრივი ძალოსანი" - რას წერს უცხოური მედია ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდსა და ოქროს მედალზე

მისი თქმით, ლაშა პატარაობაში ისეთი ბავშვი ყოფილა, რასაც გულში ჩაიდებდა, აუცილებლად გააკეთებდა. ჩემპიონობა რომ დაესახა მიზნად, ამისთვის უნდა მიეღწია.

კითხვაზე, ელოდებოდა თუ არა ოლიმპიადაზე შვილის ასეთ შედეგს, პასუხობს: "სანამ აქედან წავიდოდა, 90%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ ოქროს მედალს აიღებდა. რაც გაემგზავრა, სულ ვეკონტაქტებოდი, ვესაუბრებოდი, ვეკითხებოდი, რა განწყობით ხარ-მეთქი. საბრძოლო და აუცილებლად მოვიგებო. ერთხელ არ უთქვამს, რომ გამარჯვებაში ეჭვი მეპარებაო. მოლოდინი გაამართლა და მოვიპოვეთ ოლიმპიური ჩემპიონობა და ოქროს მედალი".

ჟანა დონაძე, ლაშა ტალახაძის დედა:

- როდესაც სპორტსმენი ამა თუ იმ ტურნირზე მიდის, მოლოდინი ყოველთვის არსებობს. ლაშას თვისებებიდან გამომდინარე, იმდენად გაწონასწორებული, დინჯი, შრომისმოყვარეა, რომ იმედი მქონდა, მოიგებდა. მას მერე, რაც გაემგზავრა, ინტერნეტით სულ გვქონდა მიმოწერაც და ვესაუბრებოდით კიდეც. აქეთ გვამხნევებდა, გვაიმედებდა და გვეუბნებოდა, - არ ინერვიულოთ, ფორმაში ვარ და რაც მთავარია, ბრძოლის ჟინით სავსეო. გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოო.

კითხვაზე, რა ხდებოდა ლაშას გამარჯვების წუთებში მათ სახლში, ქალბატონი ჟანა ასე გვპასუხობს:

"ის ემოცია, რაც ჩვენ მისი გამარჯვებისას გვქონდა, მით უმეტეს, რომ შვილია, ვერ ავხსნი, ამის გადმოცემა წარმოუდგენელია. ერთ ოთახში ჩვენი სანათესაო და სამეზობლო იყო შეკრებილი და ტელევიზორს უყურებდნენ. მე იქ არ ვყოფილვარ, ცალკე გახლდით, რადგან არასდროს მიყურებია ლაშას გამოსვლისთვის პირდაპირ ეთერში. ხალხის ემოციებიდან გამომდინარე, ვხვდებოდი, რომ ლაშამ სამივე მოძრაობა დაძლია, წარმატებით გამოიყენა, წონა ასწია და შედეგად ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს ხმები ოთახიდან სულ მესმოდა"...

რეკორდსმენის დედას, თავიდან ამ სპორტის სახეობის სიმძიმიდან გამომდინარე, არ უნდოდა, შვილის ძალოსნობაზე სიარული, რადგანაც ვინც ამ სპორტით არის დაკავებული უზარმაზარ ენერგიას ხარჯავს და მუდმივად შრომაშია.

"ნამდვილად არ მინდოდა, რომ სპორტის ეს სახეობა აერჩია, ჩემი მეუღლე კობა ტალახაძეც წარსულში ძალოსანი იყო, ამიტომ ამ სახეობაზე რაღაცები ვიცოდი. კობას ვთხოვე კიდეც, სხვა სახეობაზე შევიყვანოთ-მეთქი, მაგრამ იმ პერიოდში რაიონში, როცა ჩემი ვაჟები იზრდებოდნენ (ლაშას ძმა ჰყავს, გიორგი) ძალიან მწირი არჩევანი იყო, მხოლოდ ჭიდაობა, ძიუდო და ძალოსნობა. სხვა სახეობები ფაქტობრივად, არ იყო განვითარებული, რომ სხვაგან შეგვეყვანა. თუმცა, კობა სპეციალისტია და იცოდა, რა ასაკში და ვისთვის რომელი სახეობა იყო აუცილებელი და ისე მოიქცა. ლაშა 12-13 წლიდან მთელი დატვირთვით ჩაერთო სპორტის ამ სახეობაში".

გამარჯვების შემდეგ მშობლებმა რასაკვირველია, შვილს დაურეკეს და მიულოცეს წარმატება და იქვე მადლობაც გადაუხადეს იმისთვის, რომ გაახარა მთელი ქვეყანა.

ჟანა დონაძე: "ვინც ლაშას იცნობს, იცის, რომ ისეთი ბიჭია, რომელსაც არ შეუძლია გამოხატოს ემოცია, სიხარულიც კი. რომ ველაპარაკე და გამარჯვება მივულოცე, მადლობა გადავუხადე იმ საოცარი ბრძოლისთვის, ჩვეულებრივად მიიღო. თუმცა, ბევრი იმ წუთებში ვერაფერი ვუთხარი, რადგანაც ისვენებდა და აღარ შევაწუხე. ასე რომ, ყველაფრისთვის მადლობა ლაშას! საქართველოში 25 აგვისტოს ველოდებით".

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი