10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ყველას ახსოვს დაჯილდოვების ემოციური კადრები, როცა კვარცხლბეკზე მდგარმა ლიპარტელიანმა ცრემლები ვერ შეიკავა მედლის გადაცემის დროს - მისი ერთადერთი სურვილი ოლიმპიური ოქროს მოგება იყო, თუმცა ის ამჯერად ვერცხლს დასჯერდა.
ოლიმპიელი სპორტსმენი სამშობლოში წუხელ დაბრუნდა. "ლიპო! ლიპო!" - ისმოდა შეძახილები აეროპორტში. ლიპარტელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბის კაპიტანია, შესაბამისად ოჯახის წევრებთან, გულშემატკივრებთან და მეგობრებთან ერთად, მას აეროპორტში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
ვარლამ ლიპარტელიანის ოჯახური ფოტოები - რომელი ცნობილი ოჯახის სიძეა ოლიმპიელი სპორტსმენი