ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის და მსოფლიო რეკორდსმენის ლაშა ტალახაძისთვის მიღწეული შედეგი მოსალოდნელი იყო. ტალახაძემ ასპარეზობის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვდგებით. მოსალოდნელი იყო ეს ყველაფერი, ამისთვის მე და ირაკლიმ ძალ-ღონე არ დავიშურეთ. პირველი ადგილი დავიკავე და ოლიმპიური ოქრო მოვიპოვე. მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა", - განაცხადა ტალახაძემ.
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.
ტალახაძემ რიოში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია ორჭიდის ჯამში.
გუშინვე გამოსვლა +105 კგ-ში მესამე ადგილით დაასრულა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ასევე ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა, ჯამში 448 კგ დააფიქსირა (207+241) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია: 1 ოქრო, 1 - ვერცხლი და სამი ბრინჯაო. გუშინ, 16 აგვისტოს ბრინჯაო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66) მოიპოვა, მანამდე კი პრიზიორები ძიუდოისტები გახდნენ - ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა შავდათუაშვილმა (73) - ბრინჯაო.
საერთო ჩათვლაში საქართველო ამ დროისთვის ეთიოპიასთან მე-40 ადგილს იყოფს.