საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება იმ ერთიანობას და მიუღებლობას, რაც ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის პოლიტიკურმა სპექტრმა და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსირა "ცენტრისტების" კლიპის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთლიანად ეს ამბავი და ქართული საზოგადოების პოზიცია მიანიშნებს, რომ ჩვენ სწორად გვაქვს გააზრებული ერთი მხრივ სიტყვის თავისუფლების და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლების მნიშვნელობა და მეორე მხრივ, ეს არ არის შეუზღუდავი და განსაკუთრებულ შემთხვევაში ის შესაძლებელია შეიზღუდოს.
"მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად გვაქვს საქმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან, რადგან საქართველოს კონსტიტუციის პირველივე მუხლის პირველივე წინადადება ამბობს, რომ საქართველო არის ერთიანი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო და როდესაც რომელიმე პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ საქართველოში დააკანონებს ოკუპანტის ჯარებს, ეს არის სახელმწიფოს, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება და პოზიცია. ასეთ დროს საქართველოს პრეზიდენტი და თითოეული მოქალაქე იქნება ერთიანი ამ პოზიციაში", - განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, საინტერესო იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში თუ პარტიის აკრძალვის შესახებ სასამართლო პროცესები დაიწყება.
"ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ასეთი მოქმედება. საქართველოს კანონი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ამბობს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალოს იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც შელახავს და დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას. ვერ ვიტყვი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, თუმცა საინტერესო საქმეა", - აღნიშნა კოჟორიძემ.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან კლიპის გაშვებას, მრჩეველის თქმით, მოქმედი კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მსგავსი ტიპის პროპაგანდა საქართველოში არ იყოს მხარდაჭერილი.
"თუმცა, თუ უფრო ნათლად დაიწერება კანონმდებლობაში ეს პოზიცია ისე რომ არც ერთ ჟურნალისტს თუ სხვა დაწესებულებას არ გაუჩნდება ორმაგი აღქმა არსებული კანონმდებლობის, უკეთესი იქნება", - აღნიშნა კოჟორიძემ.