დემურ სტურუას ოჯახის წევრები გამოძიებას კიდევ ერთი სამართალდამცველის ვინაობის დამალვაში ადანაშაულებს. სტურუას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ უბნის ინსპექტორი, რომელმაც ახალგაზრდა სავარაუდოდ თვითმკვლელობამდე მიიყვანა, საბედისწერო ღამეს მარტო არ იმყოფებოდა.
როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2" იუწყება, უკვე ცნობილია ალეტერნარიული ექსპერტიზის პირველადი მონაცემები, რომლითაც დასტურდება, რომ ცხედარს დაზიანებები ჰქონდა. საბოლოო დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"ღამის 2 საათზე მოსულა 2 პოლიციელი და შეამოწმეს ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ნანახი ყავდათ ხეზე ჩამოკიდებული, გაიარეს და წავიდნენ. არ ვეთანხმები მაგათ ექსპერტს, 7-ში აქვს თავი ჩამოკიდებული და 8-ში არის გატარებული ექსპერტიზა", - აცხადებს დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა. გარდაცვლილის ძმა კი ამბობს, რომ 22 წლის დემურ სტურუა სასტიკად იყო ნაცემი.
სამტრედიაში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას ოჯახი ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამართალდამცველს ადანაშაულებს. როგორც ისინი აცხადებენ, სამართალდამცველი გოდერძი თევზაძე დემურ სტურუას სისტემატურად სცემდა და აიძულებდა მისთვის ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვინ ინახავდა მარიხუანას, რასაც მან ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული და გამოძიებას დასავლეთ საქართვლოს საოლქო პროკურატურა იძიებს. რაც შეეხება თვითმკვლელობამდე დემურ სტურუას მიერ დაწერილ წერილში ნახსენებ პოლიციელს, მან პოსტი დატოვა. 22 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 8 აგვისტოს დაასრულა.