სამტრედიაში, დემურ სტურუას გარდაცვალებამდე დაწერილ წერილში მოხსენიებულმა პოლიციელმა პირადი განცხადების საფუძველზე პოზიცია დატოვა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მისი საკითხი კადრების განყოფილებაშია გადაცემული გამოძიების დასრულებამდე.
დემურ სტურუას თვიმთმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, 8 აგვისტოს, შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.
"გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს", - ნათქვამია განცხადებაში.