სულიკო კოროშინაძე და ნანული აბესაძე გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შემსრულებლებად ითვლებიან. ამ ორი მომღერლის ცალ-ცალკე და დუეტში შესრულებული სიმღერები დღემდე ბევრს ახსოვს. მათ შორის: "სალამურო", "ყური უგდე საქართველოს", "მე თბილისელი ბიჭი ვარ", "თბილისის ეშხი", "ორერო, რერო", "სიმღერა ბათუმზე" ("ბათუმს ქათქათას"), "შენ, მხოლოდ შენ", "ძველი თბილისი" და ა.შ. საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის - "რეროს" სოლისტებმა მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნეს. მოგვიანებით, სულიკო კოროშინაძე თავის ცოდნას დამწყებ მომღერლებს უზიარებდა. ის 2011 წელს გარდაიცვალა. ქალბატონ ნანულის კი ახლახან 80 წელი შეუსრულდა. შევეცდები, ამ ორი მომღერლის ცხოვრების გზა მოკლედ გაგახსენოთ.
სულიკო კოროშინაძე მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა. მშობლები და მისი წინაპრების დიდი ნაწილი მომღერლები იყვნენ. დედა გურული სიმღერის, კერძოდ კი კრიმანჭულის შესანიშნავი შემსრულებელი გახლდათ. ბიძებიც საქართველოს ეთნოგრაფიულ ანსამბლებში მღეროდნენ. სულიკოს საესტრადოზე მეტად, ხალხური სიმღერები აინტერესებდა. სხვათა შორის, წლების განმავლობაში, სახლში დედის ჩონგურსა და ფანდურს ინახავდა.
დედისერთა, სვანეთის უბანში, ჩერქეზოვის ქუჩაზე გაიზარდა. ვაჟთა მე-20 სკოლაში სწავლობდა. უნივერსიტეტში აქტიურად იყო ჩაბმული საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო კონცერტებსა და ოლიმპიადებში. როგორც კი უნივერსიტეტში გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრში გასინჯვაზე მივიდა. 1956 წლის ზაფხულში უკვე ორკესტრის სოლისტი გახდა და თითქმის 60 წელი დაჰყო მუსიკის სამყაროში. ანსამბლის პროდიუსერი სამ თვეში 100 კონცერტს გეგმავდა, თვე-ნახევარი ისვენებდნენ. ხშირად ჰქონია ორი-სამი კონცერტი ერთ დღეში. რასაკვირველია, იყო სირთულეები, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე. მაშინდელი საბჭოთა კავშირის დროს, ორკესტრისა და საქსოფონის გამოჩენას სხვაგვარად აღიქვამდნენ. კოლექტივი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაადგილებისას, დიდ ვაგონებში ცხოვრობდა, რადგან მაშინ არ იყო იმდენი სასტუმრო, რამდენიც მომდევნო წლებში. ჩაატარებდნენ კონცერტს და მერე ისევ, ვაგონით მიდიოდნენ სხვა ქალაქში.
პარიზის ცნობილ საკონცერტო დარბაზ "ოლიმპიაში" 29 წლის ასაკში მოხვდა. ამ დარბაზში სიმღერა არ იყო სახუმარო საქმე და სულიკოც ამით ძალიან ამაყობდა. მომღერალს ერთი ქალიშვილი - ანა ჰყავდა. მეუღლემ, ეთერ ბუხნიკაშვილმა მთელი ცხოვრება მეოთხე მუსიკალურ სასწავლებელში გაატარა, შემდეგ საბავშვო ბაღში მუშაობდა.
სულიკო კოროშინაძე 30 წელზე მეტხანს ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ამბობდა: "ძალიან ბევრ ბავშვს ვამეცადინებდი. გიორგი სუხიტაშვილი და და-ძმა ბედიებიც ჩემი გაზრდილები არიან. მგონი, მეყოფა..." გული სწყდებოდა, ახალგაზრდებს რომ არ ჰქონდათ შესაბამისი საკონცერტო სივრცეები და არც საშუალება, ხშირად წარმდგარიყვნენ მსმენელის წინაშე. არც ის
კონკურსები მოსწონდა, რომელშიც ამა თუ იმ მონაწილის ბედი "ესემესებით" წყდება.
"არც "ჯინჯილები" მაკლია და არც ტიტულები. ენციკლოპედიაშიც შეიტანეს ჩემი სახელი. ეს ყველაფერი რომ გავყოთ, ათ კაცს ეყოფა ბიოგრაფიისთვის...განაგრძეთ კითხვა