სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 22 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. დემურ სტურუამ გარდაცვალებამდე წერილიც დატოვა, სადაც ის პოლიციელ გოდერძი თევზაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.
"პოლიციელი გოდერძი მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იაბეტისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა გოდერძი თევზაძე - მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არაო პლანი დათესილიო ან კულაშშიო ან დაფნარშიო და საჯავახოშიო. ეს მოხდა 07.08.2016 აგვისტოს, კარგად გემშვიდობებით ყველას. დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა" - წერს სიკვდილის წინ დაწერილ წერილში ახალგაზრდა (წერილის ფოტოს "ლიბერალი" ავრცელებს).
გარდაცვლილის დედა ნანა სტურუა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სამართალდამცველი გოდერძი თევზაძე მის შვილს სისტემატურად სცემდა, რასაც დემურ სტურუამ ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
"სიკვდილამდე წერილი დატოვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის სამართალდამცველის ზეწოლას ვერ უძლებდა, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს სამართალდამცველი ჩემს შვილს სისტემატურად სცემდა," - განაცხადა გარდაცვლილის დედა ნანა სტურუამ ჟურნაისტებთან საუბრისას.
მომხდარზე საქმე აღძრულია 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით და ის პროკურატურას გადაეცა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განგვიცხადეს, ზემოხსენებულმა პოლიციელმა პირადი განცხადების საფუძველზე პოზიცია დატოვა და მისი საკითხი კადრების განყოფილებაშია გადაცემული გამოძიების დასრულებამდე.