ვინ იყო 28 წლის მანდატური, რომელიც სამსახურში ველოსიპედით მიმავალი ავარიას ემსხვერპლა

ვინ იყო 28 წლის მანდატური, რომელიც სამსახურში ველოსიპედით მიმავალი ავარიას ემსხვერპლა

9 აგვისტოს თბილისში მომხდარ ავარიას ველოსიპედისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ველოსიპედისტს მსუბუქი მანქანა დიდ დიღომში დაეჯახა. გარდაცვლილი ველოსიპედისტი 28 წლის სანდრო ნადირაძე იყო. სანდრო 51-ე საჯარო სკოლაში მანდატურის სამსახურში მუშაობდა.

სკოლაში მუშაობა ახალგაზრდამ 2014 წლის აპრილიდან დაიწყო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სხვებისთვის მაგალითის მისაცემად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით თუ უბრალოდ, ველოსიპედის სიყვარულის გამო, სამსახურში, დიდი დიღმიდან ვერაზე ველოსიპედით დაიწყო სიარული. წარმოშობით ჭიათურელი, თბილისში ახლობლებთან ცხოვრობდა.

უბედური შემთხვევის დეტალებზე სანდროს თანამშრომლებს და ახლობლებს საუბარი უჭირთ. 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძე AMBEBI.GE-სთან 28 წლის მანდატურის შესახებ გვიყვება:

"2014 წლის აპრილში მოვიდა სანდრო ჩვენთან, მანდატურის პოზიციაზე. ეს იყო მისი პირველი სამსახური, მანამდე სასულიერო აკადემია დაამთავრა, შემდეგ გადამზადება გაიარა და მოვიდა სკოლაში. ეს ადამიანი სრულიად სამყარომ დაკარგა. ასეთი ადამიანები არ არსებობენ", - ამბობს მანანა თურქაძე და სანდრო ნადიაძის ბავშვებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს.

"ბავშვები გამორჩეულად უყვარდა. 2 წელზე მეტი იმუშავა ჩვენთან და არ მახსოვს მისგან ხმამაღალი ტონი. სიმშვიდით აგვარებდა ყველა პრობლემას. უამრავ კამათში ჩარეულა და ეს კამათი ყოველთვის მშვიდად მოუგვარებია. მთელი სკოლა განიცდის, ბავშვები გაგიჟებულები არიან. ეს არის ძალიან დიდი ტრავმა სკოლისთვის. სხვა ღირებულებების ადამიანი იყო. მანდატურის მოვალეობაა ბავშვების როგორც ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, ასევე მათ დისციპლინაზე ზრუნვა, სკოლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. სანდროს დახმარებისთვის აკითხავდნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები.

ტანად დიდი ბიჭი არ იყო, მაგრამ ჩვენ გვაქვს უამრავი კადრი, როცა სანდროს ხელში ყავს აყვანილი ბავშვები. ყველა გაჭირვებასთან სანდრო თავისი სიმშვიდით იდგა. იყო აკადემიური. სულ ვეუბნებოდი, ასეთი პატარა ბიჭი ასე კარგი როგორ ხარ მეთქი. მისთვის ველოსიპედით მგზავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის გამომხმატველი იყო და მაგალითი მოსწავლეებისთვის. მოსწავლეები ამბობდნენ, სანდრო ველოსიპედით დადის და ჩვენს ვივლითო. ის იყო მაგალითის მიმცემი ყვალასთვის" - იხსენებს თურქაძე.

სანდრო ნადირაძეს დადებითად ახასიათებენ მანდატურის სამსახურშიც. როგორც სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი შორენა ზედგინიძე აღნიშნავს, მისი სკოლაში მუშაობა კონფლიქტებს თითქმის გამორიცხავდა: "დაპირისპირება, ფაქტობრივად, არ არსებობდა სკოლაში, სადაც სანდრო იყო. ყოველთვის ანეიტრალებდა სიტუაციას. თვითონაც ასეთი მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იყო. თანამშრომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა", - ამბობს ზედგინიძე.

51-ე სკოლის ფეისბუქის გვერდზე სკოლის მოსწავლეები მწუხარებას გამოთქვამენ საყვარელი მანდატურის ტრაგიკული დაღუპვის გამო:

"ძალიან მეტკინა გული, ის მხოლოდ მანდატური არა - ბავშვების უფროსი მეგობარი იყო!"; "ყველაზე დადებითი ადამიანი იყო , ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა საჭირო დროს"; "ყველაზე კარგი ადამიანი იყო ჩვენი სანდრო მანდატური"; "ყველაზე საუკეთესო, მოგვენატრები!" - წერენ მოსწავლეები სკოლის ფეისბუქის გვერდზე.

როგორც შსს ში აცხადებენ, გამოძიება მომხდარზე 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების დარღვევას გულისმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. დეტალებს გამოძიება დაადგენს.

სანდრო ნადირაძეს შაბათს, მშობლიურ ჭიათურაში, სოფელ ითხვისში დაკრძალავენ.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

"ტრაგედიაზე საუბრობდა, როცა მაყურებელმა დარეკა და ბინა აჩუქა..." - როგორ შეცვალა "სხვა ნანუკამ" 3 ოჯახის უმძიმესი ცხოვრება

"25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეზე, თვეში ერთ სულზე 59 თეთრია. არ გრცხენიათ, რას გვაყვედრიან?" - მიტროპოლიტი ანტონი საპატრიარქოს დაფინანსებაზე

"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს