"...მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ცხოვრებაში ერთხელ ჩამიკრავთ გულში და მაშინ ალბათ ყველა სიკეთეს ვეყოფი დედამიწაზე"
"ძალიან, ძალიან მინდა ახლოს გნახოთ, შეგეხოთ, გემთხვიოთ, თქვენი მადლი და სიწმინდე რომ შევიგრძნო..."
"მინდა მთელ მსოფლიოს თქვენსავით კარგი, მოსიყვარულე და განათლებული პატრიარქი ჰყავდეს. მაშინ მთელ მსოფლიოში მშვიდობა იქნებოდა..."
ეს ნაწყვეტებია იმ წერილებიდან, რომელსაც სხვადასხვა სკოლის, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები საქართველოს პატრიარქს უგზავნიან. ბავშვებმა წერილები პატრიარქს აღსაყდრების 38-ე იუბილის აღსანიშნავად გაუგზავნეს, რომელიც 2015 წლის 25 დეკემბერს აღინიშნა.
"ჩემო პატრირქო. ჩვენ ძალიან გვიყვარხართ. ახალი სიტყვა ვისწავლეთ - აღსაყდრება. არ მესმის, მაგრამ რადგან თქვენი დღეა, კარგი იქნება. როგორ მინდა გნახო..." - ამ წერილის ავტორი კი მეორეკლასელი ანი მინდიკაურია.
ცნობილია, რომ პატრიარქს განსაკუთრებული სიყვარული აქვს პატარების მიმართ. უწმინდესმა რამდენიმე თვის წინ "ბაშვების დალოცვის" ტრადიცია აღადგინა, რომელიც წლების განმავლობაში ტარდებოდა სიონის ტაძარში: "მინდა აღდგეს წესი, ეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს, ყოველ ორშაბათს შესრულდება პარაკლისი და დალოცვლი იქნება ბავშვები" - მიმართა უწმინდესმა მრევლს 10 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარებული საკვირაო ქადაგების დროს.
"...გახსოვდეთ, რომელ დღესაც ვერ შესძლებთ სიკეთის ქმნას, ის დღე დაკარგულია. გიყვარდეთ დედა და მამა და დაიმსახურეთ მათი ლოცვა-კურთხევა, რადგან მშობელთა ლოცვა, ღვთის დალოცვაა. გიყვარდეთ სამშობლო, ჩვენი მრავალჭირნახული საქართველო, რადგან სამშობლო, როგორც "უფალი, ერთია ქვეყანაზედა".
კარგად შეისწავლეთ ქართული ენა და საქართველოს ისტორია; მათში დიდი საიდუმლო და სულიერი ძალაა... გიყვარდეთ ღმერთი, გიყვარდეთ ადამიანი, გიყვარდეთ წიგნი, რადგან სიყვარული სათავეა სიხარულისა და ადამიანის ბედნიერებისა" - ეს ნაწყვეტია ბავშვებისადმი პატრიარქის დალოცვიდან.
პატრიარქისადმი მიწერილ ემოციურ წერილებს ჟურნალმა "კარიბჭემ" ფეისბუქის გვერდზე მოუყარა თავი და მათი გაცნობის საშუალებას ინტერნეტმომხმარებლებსაც აძლევს. "კარიბჭის" ფეისბუქის გვერდზე პატრიარქის ცხოვრებიდან საინტერესო დოკუმენტური მასალები და უნიკალური ფოტოარქივიც ქვეყნდება, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლებში დიდი გამოხმაურება აქვს.