"ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისის მინები მთლიანად ჩამსხვრეულია. გავრცელებული ინფორმაციით, მინები პარტიის ოფისში მომხდარი ინციდენტის დროს ჩაიმსხვრა. იგივე ინფორმაციის თანახმად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე გოგლიძის ძმა, ივანე გოგლიძე, რომელიც საწარმო "კულას" დირექტრია, ოფისში განაწყენებული იყო მისული, რასაც უთანხმოება და მინების ჩამსხვრევა მოჰყვა.
"ნაციონალური მოძრაობის" გორის პარტიული ორგანიზაციის წევრი კახაბერ ლობჟანიძე აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ შენობის ფასადის მინებს ცვლიდნენ. თუმცა უპასუხოდ ტოვებს კითხვას, შეცვლისას რატომ ჩაიმსხვრა აბსოლუტურად ყველა ფანჯარა.
პარტიის წევრი ახალგაზრდები კი, რომლებიც დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჩამსხვრეული მინებისგან ტერიტორიას წმენდდნენ, აცხადებენ, რომ მათ ოფისიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ დახმარება სჭირდებოდათ.
თავად ივანე გოგლიძე კი მედიასთან აცხადებს, რომ ხვალ ბრიფინგს გამართავს და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.