საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პერმანენტული აქციების გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს, მოთხოვნით - "გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი".
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები მას შემდეგ დაიწყება, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რეფერენდუმის არ ჩატარებასთან დაკავშირებით არგუმენტირებულ წერილობით შეტყობინებას მიიღებს.
მისივე თქმით, აქციებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, "ნაციონალური მოძრაობისა" და "რესპუბლიკური პარტიის" გარდა. საინიციატივო ჯგუფის წევრები საქართველოს პრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.
"ფილოსოფიის ინსტიტუტიდან გამოგდებულ მარგველაშვილზე უკეთ ქართველი ხალხი აზროვნებს. მან რეფერენდუმზე უარის თქმით, ქართველ ხალხს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება წაართავა. განცხადება, რომ რეფერენდუმი არ ჩატარდება მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, არის სრული უმეცრება. აუცილებლად დავიწყებთ აქციებს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ეს აქციები იქნება მასშტაბური, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" და "რესპუბლიკური პარტიისა". ასევე შეთავაზება გაეგზავნება "ქართულ ოცნებას", - განაცხადა სანდრო რეგაძემ.