9 აგვისტოს ენითაუწერელი ტრაგედია დატრიალდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიში - 19 წლის ვანო და 18 წლის თემურ ვაშაკიძეები მდინარე გუბისწყალში დაიხვრჩნენ. მათ გარდა ოჯახს სხვა შვილი არ ჰყავს. ერთი ძმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, მეორე - აბიტურიენტი.
"მდინარე გუბისწყალმა, სამტრედიას და სრულიად საქართველოს ორი ულამაზესი ვაჟკაცი, ძმები ვაშაკიძეები წაგვართვა... უნიჭიერესები, ერთი მეორეზე ზრდილნი და ქებულნი", - დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტარმა ოთარ ჩრდილელმა.
ნუგზარ ნუცუბიძე, დიდი ჯიხაიშის რწმუნებული:
- იმ საშინელებაზე ლაპარაკი, რაც ჩვენს სოფელში ახლა ტრიალებს, ძალიან მიმძიმს. ამ ბიჭების სიკვდილი ისეთი წარმოუდგენელია, დაჯერება მიჭირს. ორივე ძმა ისეთი განსაკუთრებული, ისეთი გამორჩეული იყო, რომ მსგავსი ძალიან ცოტა ახალგაზრდაა ჩვენს გარშემო. მათი მშობლებიც შვილებზე თავგადაკლულად ზრუნავდნენ, მაგრამ ძმები უპირველესად თვითონ იყვნენ საოცრად ნიჭიერები და სწავლაზე ორიენტირებულები.
უფროსმა ვანომ, როგორც კი სკოლა დაამთავრა, იმავე წელს ჩააბარა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და პირველ კურსზე უკვე ისეთი სტუდენტი გახდა, რომ ღუდუშაურის საავადმყოფოში სტაჟირებაზე იყო და იქ ძალიან მოსწონდათ. დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მეორე ძმა, თემურიც უნიჭიერესი გახლდათ. მან სკოლა წელს დაამთავრა და ძმასავით სამედიცინო უნივერსიტეტში წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები. საბოლოო შედეგებს ელოდებოდნენ, მაგრამ ისეთი ქულები ჰქონდა თურმე 100%-იანი გრანტი გარანტირებული ჰქონდა.