საგზაო ნიშნები არის სრულიად არაკომპეტენტურად დამონტაჟებული, რაც ხშირ შემთხვევებში ხდება გაურკვევლობის მიზეზი ჩვენს გზებზე, - ამის შესახებ "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, მესხიშვილი პრობლემას ხედავს იმაშიც, რომ საქართველოში მძღოლების გარკვეულმა ნაწილმა არ იცის საგზაო ნიშნების ცნობა.
"როდესაც ვსაუბრობთ და გვიკვირს, თუ რატომ მოიმატა ავტოსაგზაო შემთხვევებმა, სამწუხაროდ, ამის მიზეზები არსებობს. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც რიგ შემთხვევებში აღარ ხორციელდება: გზაჯვარედინები არის მოუწესრიგებელი, საგზაო მოძრაობა არ არის დარეგულირებული, საგზაო ნიშნები არის სრულიად არაკომპეტენტურად დამონტაჟებული, რაც ხშირ შემთხვევებში ხდება გაურკვევლობის მიზეზი ჩვენს გზებზე.
ამას თან ერთვის ის, რომ მძღოლების გარკვეულმა ნაწილმა, სამწუხაროდ, უბრალოდ არ იცის საგზაო ნიშნების ცნობა. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ავარიულ შემთხვევებს. მაგალითად: ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის ქუჩაზე გასასვლელ მონაკვეთზე ერთდროულად რამდენიმე ნაკადისთვის, ასევე დამატებით ქვეითად მოსიარულეთათვის "მწვანეა" ანთებული. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი ავარიული სიტუაციები თავიდან უნდა ავიცილოთ", - განაცხადა დავით მესხიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერია არაკომპეტენტურად მუშაობს.
დაათვალიერეთ არასწორად დამონტაჟებული საგზაო ნიშნების ფოტოები თბილისის ქუჩებიდან
"ძალიან ბევრი "შავი წერტილია დედაქალაქში". ეს ის წერტილებია, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხდება. ძირითადად ჩვენს რეალობაში ეს არის გზაჯვარედინები, სადაც საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნები და ა.შ. არ არის სწორად დარეგულირებული. აქ უნდა მიდიოდეს ექსპერტების ჯგუფი, სწავლობდეს რეალურ პრობლემას და ახორციელებდეს შესაბამის ინფრასტრუქტურულ პროექტებს. სამწუხაროდ, ასეთი რამ დღეს მერიის მხრიდან არ ხდება, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ თბილისის მერია, სამწუხაროდ, არაკომპეტენტურად მუშაობს", - განაცხადა მესხიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საგზაო ნიშნების თვალსაზრისით პრობლემაა არამარტო დედაქალაქში, ასევე მაგისტრალებზეცაა. "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელის თქმით, არსებობს ევროკავშირის დირექტივები, რომელიც მიგვითითებს იმისკენ, თუ რა ცვლილებები უნდა განვახორციელოთ.
"ევროკავშირის დირექტივებიც არსებობს, ასოცირების ხელშეკრულებაც არსებობს, რომელიც მიგვითითებს იმისკენ, თუ რა ცვლილებები უნდა განვახორციელოთ რეალურად. ეს გახლავთ ავტოპარკის განახლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და საცობების მაქსიმალურად შემცირება, რადგან ჰაერიც დაბინძურებულია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ევროდირექტივების განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაცილებით უფრო მძიმე შედეგი გვექნება, ვიდრე 600-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება და 10 000-ზე მეტი ადამიანის დასახიჩრებაა", - აღნიშნა მესხიშვილმა.