მსახიობ თიკო მოსემღვდლიშვილს რამდენიმე უცნაური შეკითხვა დავუსვი და ასე ვცადე, საკუთარი თავის დახასიათებაში დავხმარებოდი. კითხვაზე, თუ რას შეცვლიდა საკუთარ ცხოვრებაში, დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს? - ემოციურმა მსახიობმა მიპასუხა, 18 წლისა არ გავთხოვდებოდიო.
- შეხედე საკუთარ თავს სარკეში და გულახდილად მითხარი: რამდენი წლის ხარ?
- დაახლოებით 20-22 წლის ვარ - ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ამ ასაკის გახლავართ.
- რა გირჩევნია, მოითმინო წარუმატებლობა თუ არასოდეს გამოცადო ის?
- მოითმინო ჯობია, რადგან ყველაფერი გამოსწორებადია და ყველა წარუმატებლობას აუცილებლად მოსდევს წარმატება.
- თუ ცხოვრება ხანმოკლეა, რატომ ვაიძულებთ საკუთარ თავს, ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს?
- ზუსტად ეგ არის პრობლემა, რომ ამას ვერ ვიაზრებთ. იძულებით არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ, ვცდილობ, ისე მოვიქცე, როგორც ჩემთვის ჯობს, ეს კი იმას გულისხმობს, რომ ზოგჯერ სასურველის უარყოფაც მიწევს.
- თუ მოგეცა შანსი, მხოლოდ ერთი დეტალი შეცვალო შენს ცხოვრებაში, რას შეცვლი?
- 18 წლის ასაკში არ გავთხოვდებოდი და ცოტა უფრო ადრე დავიწყებდი ფიქრს კარიერაზე.
- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?
- რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიები გამაბედნიერებდა: მსახიობობა ან მომღერლობა.
- შენ აკეთებ იმას, რისიც გჯერა თუ ცდილობ, დაიჯერო ის, რასაც აკეთებ?
- რეალისტი ვარ და არ "დავფრინავ". თუმცა, ზოგჯერ შეიძლება, თავს ძალასაც ვატან.
- დავუშვათ, გამოაქვეყნეს სტატისტიკა, რომ ადამიანი საშუალოდ 40 წლამდე ცოცხლობს. რას შეცვლი შენს ცხოვრებაში იმისთვის, რომ დარჩენილი წლები უკეთესად გაატარო?
- ემოციებს შევცვლიდი და ბევრ საკითხთან მიმართებაში, გაცილებით ცივი, გულგრილი ვიქნებოდი. ახლა ყველაფერს ყურადღებას ვაქცევ და განვიცდი. არადა, ნერვიულობა ჯანმრთელობისთვისაც რომ საზიანოა, ეს ყველამ ვიცით.
- რამდენად აკონტროლებ იმ მოვლენებს, რაც შენს ცხოვრებაში ხდება?
- ვცდილობ, გავაკონტროლო ყველაფერი და ჯერჯერობით ამას ვახერხებ.
- დავუშვათ, ნაცნობებთან ერთად სასადილოდ წახვედი. მოულოდნელად, ისინი იწყებენ ვიღაცის უსამართლოდ გაკრიტიკებას და არ იციან, რომ ის შენი მეგობარია. როგორ მოიქცევი?
- თუ უსამართლოდ აკრიტიკებენ და თუ "ის" ნამდვილად ჩემი მეგობარია, აუცილებლად დავიცავ, სულ რომ 700 კაცი დამესხას თავს.
- ჩვენი ჟურნალის მეშვეობით, შვილს რას ურჩევ?
- ვურჩევ, ყველას არ ენდოს, მაგრამ ხომ იცი, რაც უნდა ურჩიო ადამიანს, თუ ცხოვრებამ არ ასწავლა, სხვის ნათქვამს ვერ გაითვალისწინებს.
- დაარღვევდი თუ არა კანონს საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?
- თუ იმ კანონის დარღვევა სიკვდილით არ დაისჯება, ამ შემთხვევაში - კი....
- რით განსხვავდები სხვა ადამიანებისგან?
- ვფიქრობ, სხვებისგან არაფრით განვსხვავდები. მეც ისეთი ვარ, როგორც ყველა.
- გაიხსენე ის, რაზეც ოდესღაც ოცნებობდი და არ გამოგივიდა...
- ყოველთვის მინდოდა პოპულარული გოგო ვყოფილიყავი და ეს გამომივიდა. რაც მინდოდა და არ გამომივიდა? - მსგავსი არ მახსენდება.
- შენც იმ აზრზე ხარ, რომ დროა, რაც შეიძლება მალე წახვიდე საქართველოდან?
- კი, დროა, ამ ქვეყნიდან გამიშვან. წავიდოდი ამერიკაში და ჩემს კარიერას უკეთესად მივხედავდი. აქ უბრალოდ, დროს ვკარგავ. წლები მიდის, მე კი ერთსა და იმავე ადგილს ვტკეპნი. ... განაგრძეთ კითხვა