გორის რაიონის სოფლებში მოსახლეობა პანიკაშია - რეალურია თუ არა ბავშვების გატაცების ფაქტები?

გორის რაიონის სოფლებში მოსახლეობა პანიკაშია - რეალურია თუ არა ბავშვების გატაცების ფაქტები?

გორის რაიონის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა პანიკაშია. ამის მიზეზი მცირეწლოვანი ბავშვების გატაცების თაობაზე ატეხილი აჟიოტაჟია.

რამდენიმე თვის წინ ატენის ხეობის ერთ-ერთი სოფლიდან 4 წლის ბიჭუნა დაიკარგა, ახლა კი, დადის ხმები, გორის მიმდებარე სოფლებიდან 5 ბავშვის დაკარგვის თაობაზე. AMBEBI.GE-ს რედაქციას არაერთმა მოქალაქემ მიმართა, სადაც ისინი საუბრობდნენ ბავშვების მასობრივი გატაცების ფაქტებზე. წყაროები ასახელებენ განსხვავებულ ფაქტებს, ერთ შემთხვევაში ყვებიან "წითელი მანქანით მოძრავი მანიაკების" შესახებ, რომლებიც სოფლიდან ბავშვებს იტაცებენ, მეორენი ასახელებენ შავი ფერის ჯიპს და ყვებიან, რომ "მამაოს და დედაოს ფორმაში ჩაცმულებს უცდიათ ბავშვის გატაცება, ბავშვი ათი წლისაა და თვითონ ყვება როგორ გადმომხტარა მანქანიდან".

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტის უშუალო თვითმხილველი არც ერთი მათგანი არ იყო - მათი თქმით გატაცების ფაქტებზე სხვისგან გაიგეს. გატაცების სავარაუდო ფაქტებს კი ისინი ორგანოებით ვაჭრობას უკავშირებენ.

AMBEBI.GE-მ ინფორმაციის გადამოწმება იმ სოფლებში სცადა, საიდანაც სავარაუდო გატაცების ფაქტების შესახებ მოვიდა ინფორმაცია. თავდაპირველად, სოფელ კარალეთს ვესტუმრეთ. სოფლის თავშეყრის ადგილას, გასაუბრებისას სოფლის მოსახლეობამ ამბავი ჭორს დაუკავშირა.

ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ მსგავსი ჭორი არაერთხელ გაუგიათ, თუმცა კონკრეტული დაზარალებული არავის უნახავს. კარალეთის ეკლესიაში მნათეს გავესაუბრეთ.

"მსგავსი რამ გამიგია მეც და სტიქაროსნებსაც. თუმცა, ეს ჭორები უფროა ვიდრე სინამდვილე. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ხმები კუმისში მოჩვენების შესახებ. არ ვამბობ რომ აქაც მოჩვენებაა, თუმცა რეალურად ფაქტი ბავშვის დაკარგვისა, კარალეთში არ დაფიქსირებულა" - განაცხადა AMBEBI.GE-თან საუბრისას ეკლესიის მნათემ.

კარალეთელებმა ძევერაში გადაგვამისამარეს, იმ იმედით რომ იქ მაინც ექნებოდათ მსგავს ფაქტებზე კონკრეტული ინფორმაცია, თუმცა სოფელ ძევერას მკვიდრებმა გვითხრეს, რომ მათ სოფელში არავინ დაკარგულა, "ბავშვები კარალეთში იკარგებიანო".

რეალურად სოფელ კარალეთში, ძევერასა და სათემოსკენ მიმავალ გზაზე ბავშვების დაკარგვის შესახებ ჭორების მეტს ვერაფერს მივაგენით.

Ambebi.ge კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ბავშვების გატაცებაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

"სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს შიდა ქართლის რეგიონში გარკვეულ პირთა ჯგუფის მიერ მცირეწლოვანი ბავშვების მასობრივად დაკარგვის და გატაცების ფაქტები არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ შემოსულა არც ერთი მსგავსი შინაარსის შეტყობინება მოზარდების გატაცების შესახებ. ასევე, სამართალდამცველების მხრიდან გადამოწმდა და არ დადასტურდა სხვადასხვა მედიასაშუალებით და სოციალური ქსელით გავრცელებული უკლებლივ ყველა ინფორმაცია", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE